ფოტო: newsonair.gov
ირანის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმების განახლების შემდეგ, ნავთობის ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. კერძოდ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება $3.27-ით (3.3%) გაიზარდა და ბარელზე $103.43-ს მიაღწია. ამავდროულად, $3.14-ით, 3.4%-ითაა გაზრდილი აშშ-ის საორიენტაციო ნავთობის ინდექსი — West Texas Intermediate-ი (WTI) და ბარელზე $96.64-ს უტოლდება.
ნავთობის გლობალური ფასების ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციითა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირებითაა გამოწვეული. ბოლო სავაჭრო სესიაზე, მას შემდეგ, რაც გემების ნაწილს სრუტეში გავლის საშუალება მიეცა, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 2.8%-ით, ხოლო WTI დაახლოებით 5.3%-ით დაეცა. თუმცა ბოლოდროინდელმა მატებამ ეს ცვლილება მეტ-ნაკლებად დააკომპენსირა.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციიდან დაახლოებით სამი კვირის თავზე, ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმები განაახლა. ფუჯაირის პორტში დრონის ჩამოგდების შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო, ნავთობის ჩატვირთვის ოპერაციების ნაწილი დროებით შეჩერებულია. ფუჯაირა, რომელიც ომანის ყურეში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარეობს, კრიტიკული მნიშვნელობის ჰაბია, რომელზეც ნავთობის მსოფლიო მოთხოვნის დაახლოებით 1% გადის.
რეგიონში კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, ანალიტიკოსები ნავთობის ფასების კიდევ უფრო მატებას არ გამორიცხავენ. ფასების ზრდის შესაკავებლად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა წევრ ქვეყნებს სტრატეგიული რეზერვებიდან უფრო დიდი რაოდენობით ნავთობის გამოშვების წინადადებით მიმართა — გარდა იმ 400 მილიონი ბარელისა, რომელზეც IEA-ს წევრი სახელმწიფოები უკვე შეთანხმდნენ.














