2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო - რა ვიყიდეთ და გავყიდეთ?

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო - რა ვიყიდეთ და გავყიდეთ?

ფოტო: Shutterstock

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 3.51 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1.02 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, იმპორტი კი 2.48 მილიარდ აშშ დოლარს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 22.9%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 15.4%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა თითქმის 1.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9% შეადგინა. ექპორტისა და იმპორტის დაჯამების შემდეგ, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: პირველ ადგილზეა თურქეთი 499.5 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილს იკავებს ჩინეთი 457.8 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი რუსეთია 418.3 მლნ. აშშ დოლარით.

საანგარიშო პერიოდში, თურქეთიდან საქართველოში დაახლოებით 415.63 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა. საქსტატის ცნობით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 18.9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ექსპორტს, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი 80.9%-ით გაიზარდა და 83.89 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლებით თურქეთი საქართველოს ექსპორტში მე-5 ადგილს იკავებს, იმპორტში კი 1-ელ პოზიციაზეა.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 24.29 მლნ. აშშ დოლარით. მეორე პოზიციაზე მაისურები და ტრიკოტაჟის ნაწარმი იკავებს 14.01 მლნ. აშშ დოლარით. მესამე ადგილზე 10.82 მლნ. აშშ დოლარით ფეროშენადნობებია, მეოთხე ადგილზე კი – სპილენძის ნარჩენები და ჯართი, რომლის ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 5.01 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. ხუთეულს კოსტუმები და კომპლექტები (ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭის) ასრულებს 3.87 მლნ. აშშ დოლარით.

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზეა წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე) 34.86 მლნ. აშშ დოლარით, შემდეგ კი დაფასოებული სამკურნალო საშუალებები მოდის, რომლის იმპორტმაც 32.56 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილს 16.60 მლნ. აშშ დოლარით ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს. ხუთეულის ბოლო ორ ადგილზე მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები და ელექტროენერგია. პირველის იმპორტმა 14.36 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა, მეორეს იმპორტმა კი 10.21 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.