OpenAI-ის შეფასებამ $852 მილიარდს მიაღწია

OpenAI-ის შეფასებამ $852 მილიარდს მიაღწია

ფოტო: Justin Sullivan/Getty Images

 

ბოლო კერძო დაფინანსების რაუნდში $122 მილიარდის მოზიდვის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის ამერიკულ სტარტაპ OpenAI-ის შეფასებამ $852 მილიარდს მიაღწია. AI-სტარტაპის განცხადებით, დაფინანსების რაუნდს მხარს OpenAI-ის პარტნიორები, მათ შორის Amazon-ი, Nvidia, Microsoft-ი და SoftBank-ი უჭერდნენ.

დაფინანსების რაუნდში $110 მილიარდის მოზიდვის შესახებ OpenAI-მ გასულ თვეშიც განაცხადა. მაშინ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის ღირებულებამ $730 მილიარდს მიაღწია. თუმცა ამ შემთხვევაში OpenAI-მ დაფინანსების რაუნდში მონაწილეობა თავის ისტორიაში პირველად ინვესტორებისთვის საბანკო არხებითაც გააფართოვა და ინდივიდუალური ინვესტორებისგან $3 მილიარდი მოიზიდა.

შედეგად, OpenAI კონკურენტებთან დაფინანსების რბოლაში ასობით მილიარდი დოლარით ლიდერობს. მაგალითად, Anthropic-მა იანვარში $25 მილიარდის მოზიდვის შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც სტარტაპის ღირებულებამ $350 მილიარდს მიაღწია. ხოლო იმავე თვეში ილონ მასკის xAI-ის ღირებულებამ $230 მილიარდი შეადგინა, თუმცა SpaceX-თან გაერთიანების შემდეგ ეს მაჩვენებელი $250 მილიარდამდე გაიზარდა.

მიუხედავად დიდი შემოსავლებისა, OpenAI მოგებაზე კვლავ არ მუშაობს. კომპანია ფინანსების დიდ ნაწილს საოპერაციო ხარჯებზე ანაწილებს, რაც ხელოვნური ინტელექტის მოდელების გაწვრთნითა და ინფრასტრუქტურის შექმნითაა განპირობებული. გასულ წელს OpenAI-მ $13.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო. სტარტაპის მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ის ყოველთვიურად საშუალოდ $2 მილიარდს გამოიმუშავებს.