საქსტატის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ინფლაციური წნეხი შენარჩუნებულია: 2026 წლის მარტში ფასების საერთო დონე წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაცია 4.3%-ს გაუტოლდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი სურსათის კატეგორიამ შეასრულა. “სურსათი და უალკოჰოლო სასმელები” 7.5%-ით გაძვირდა. პრაქტიკულად, ინფლაციის ნახევარზე მეტი სწორედ ამ ჯგუფზე მოდის. განსაკუთრებით მკვეთრია ზრდა თევზეულზე (+21.2%) და ხილზე (+13.4%). ასევე მნიშვნელოვნად გაძვირდა პური, ხორცი (9.6%-ით ორივე) და ზეთი (7.7%).
ტრანსპორტის სექტორში ფასების 4%-იანი ზრდა აჩვენებს, რომ როგორც მომსახურების, ისე კერძო ავტომობილების ექსპლუატაციის ხარჯები მატულობს.
მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფშიც — 9.8%. ასევე იზრდება დაზღვევის (+8.5%) და პირადი ჰიგიენის (+4.3%) ხარჯები.
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 6.2%-ით არის გაზრდილი, რაც, სავარაუდოდ, როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე იმპორტირებულ ფასებზე დამოკიდებულების შედეგია. თამბაქოს ნაწარმზე 8%-იანი ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა.
მთლიანობაში, მარტის ინფლაციის სტრუქტურა აჩვენებს, რომ ფასების ზრდა კვლავ ფართო სპექტრში ვრცელდება, თუმცა ძირითადი წნეხი საკვებსა და მომსახურებაზე მოდის.
საქსტატის თანახმად, გასული წლის მარტთან შედარებით, სურსათის კატეგორიაში არაფერი გაიაფებულა.
საქართველოში ფასების საერთო დონის სტაბილურობაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, კარტელური გარიგებების აღკვეთაზე კი – კონკურენციის სააგენტო. 22 იანვარს სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში მაღალი ფასის მიზეზების დასადგენად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს–ი) და საგამოძიებო სამსახურები შევიდნენ.
24 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ საქართველოში ზოგ სასურსათო პროდუქტზე ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე დასავლეთ ევროპის მდიდარ ქვეყნებში.
ირაკლი კობახიძემ სამართალდამცველ უწყებებს მოუწოდა, ეს საკითხი შეესწავლათ და პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა. იმავე საღამოს, სუს-ში თქვეს, რომ იწყებენ „თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დეტალურ შესწავლას“, რასაც, შეიძლება, „მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს“. რამდენიმე დღეში შეიქმნა სამთავრობო კომისიაც, რომელიც მინისტრებისგან, სუს-ის უფროსისგან და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელისგან შედგება.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სასურსათო ბაზარზე ფასების რეგულირების პირველი მცდელობა არაა. მიუხედავად სახელმწიფო ჩარევის შესახებ მკაცრი განცხადებებისა და მიმდინარე გამოძიებებისა, მარტის მონაცემები აჩვენებს, რომ სურსათის ფასებზე ზეწოლა არათუ არ შემცირებულა, არამედ შენარჩუნებულია. ეს კიდევ ერთხელ აჩენს იმ კითხვას, რომელიც ბოლო თვეებში აქტიურად განიხილება — რამდენად შეუძლია ხელისუფლების ადმინისტრაციულ ზომებს გავლენა იქონიოს ბაზარზე, სადაც ფასებს საბოლოოდ განსაზღვრავს ხარჯების სტრუქტურა და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. ჯერჯერობით სტატისტიკა უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ბაზრის „უჩინარი ხელი“ კვლავ უფრო ძლიერი მოთამაშეა, ვიდრე მისი რეგულირების მცდელობები.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















