საფრანგეთი აშშ-ის ტექზე დამოკიდებულების შესამცირებლად Windows-ს Linux-ით ანაცვლებს

მთავრობა ცდილობს, ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე დამოკიდებულება შეამციროს და „ციფრული სუვერენიტეტი“ გააძლიეროს

საფრანგეთი Microsoft Windows-ის გამოყენების ეტაპობრივ შემცირებას გეგმავს. ქვეყნის განცხადებით, ზოგიერთი სამთავრობო უწყება Windows-იდან ღია კოდის ოპერაციულ სისტემაზე, Linux-ზე გადავა, რათა ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება  შემცირდეს. Linux ღია კოდის ოპერაციული სისტემაა, რომლის ჩამოტვირთვა და გამოყენება უფასოა.

საფრანგეთის მინისტრის, დავიდ ამიელის თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად “ციფრულ ბედისწერაზე კონტროლის დაბრუნებას“ ისახავს, რისთვისაც ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. მისი განცხადებით, საფრანგეთის მთავრობა ვეღარ შეეგუება სიტუაციას, როდესაც ის სრულად ვერ აკონტროლებს საკუთარ მონაცემებსა და ციფრულ ინფრასტრუქტურას.

მთავრობას გადასვლის ზუსტი ვადები ჯერ არ დაუკონკრეტებია.

ეს ნაბიჯი საფრანგეთის კიდევ ერთი მცდელობაა, შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე და მეტად გამოიყენოს საკუთარ საზღვრებში შექმნილი ტექნოლოგიები და ღრუბლოვანი (Cloud) სერვისები.

ევროპის სამთავრობო ლიდერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ აშშ-ის ტექნოლოგიებზე გადაჭარბებული დამოკიდებულების რისკებზე. იანვარში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ანგარიშს, რომელიც ევროკომისიას იმ სფეროების იდენტიფიცირებას ავალებს, სადაც შესაძლებელია უცხოურ მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირება.

Windows-ზე უარის თქმის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა რამდენიმე თვის წინანდელი განცხადება, რომლის თანახმადაც საფრანგეთის მთავრობა ვიდეოკონფერენციებისთვის Microsoft Teams-ის გამოყენებას წყვეტს და ფრანგულ პლატფორმა Visio-ზე გადადის.