Wine Travel Awards: 2026 წელს ღვინის მოყვარულთათვის აუცილებლად სანახავი ადგილები

Wine Travel Awards: 2026 წელს ღვინის მოყვარულთათვის აუცილებლად სანახავი ადგილები

ფოტო: winetravelawards.com

 

ღვინის ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება და მოგზაურები აქტიურად ეძებენ ახალ მიმართულებებს, რომლებიც სცდება ისეთ კლასიკურ რეგიონებს, როგორებიცაა ბორდო და ტოსკანა. თუ მოგზაურობას კარგი ღვინის აღმოჩენას უკავშირებთ, შთაგონებისთვის Wine Travel Awards-ის სია შეგიძლიათ გამოიყენოთ.

უკვე მეხუთე წელია, ეს პრემია 16 სხვადასხვა კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეებს, ტუროპერატორებს, გიდებსა და ადგილებს ავლენს. თითოეულ კატეგორიაში ხუთეული საზოგადოების მხრიდან ხმის მიცემით ვლინდება, ხოლო საბოლოო გამარჯვებულებს ჟიური არჩევს. გამარჯვებულები 1-ელ მაისს გახდება ცნობილი.

წელს „აუცილებლად სანახავის“ კატეგორიაში, სადაც ტურისტულ მარშრუტებზე არსებული ცალკეული ობიექტები ან დანიშნულების ადგილები ერთიანდება, ხმის მიცემის მიხედვით SHUMI Winery ლიდერობს. ის წინანდალში, თბილისიდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს. SHUMI Winery 12 ჰექტარზეა განლაგებული, აქვე მდებარეობს ქვეყანაში ღვინის პირველი მუზეუმი და მსოფლიოში ვაზის ჯიშების უდიდესი კერძო ამპელოგრაფიული კოლექცია.

Wine Travel Awards-ის ვებგვერდზე საქართველოს მეღვინეობის ისტორიაზეა ყურადღება გამახვილებული, რომელიც 8,000 წელს ითვლის. ქვეყანა განსაკუთრებით ცნობილია ქვევრის გამოყენებით ღვინის დაყენების ტრადიციით, რომელიც UNESCO-მ 2013 წელს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ფოტო: winetravelawards.com

მეორე ადგილზე Venissa Estate-ია, რომელიც იტალიაში, ვენეციის წყლებში, კუნძულ მაცორბოზე მდებარეობს. Venissa Estate-ს სტუმრებისთვის ხუთი ოთახი აქვს გამოყოფილი და მათ ადგილობრივი ყურძნის ჯიშ დორონას ღვინოების დეგუსტაციას სთავაზობს.

ფოტო: winetravelawards.com

მესამე პოზიცია არგენტინაში მდებარე Bodega La Luz del Vino-ს უკავია, რომელიც Uco Valley-ის რეგიონში უძველესი ვენახებით გამოირჩევა. ანდების მთებით გარშემორტყმული ეს რეგიონი განსაკუთრებულ ტერუარს ქმნის, რაც ღვინოს უნიკალურ გემოვნურ თვისებებს სძენს.

ფოტო: winetravelawards.com

მეოთხე ადგილზეა საფრანგეთის Champagne Joseph Perrier-ი, რომელიც განსაკუთრებით ცქრიალა ღვინის მოყვარულებს იზიდავს. ის 1825 წელს შეიქმნა და დღემდე ოჯახური ბიზნესია. აღსანიშნავია, რომ ერთ დროს მას დედოფალ ვიქტორიას სამეფო სერტიფიკატიც ჰქონდა მინიჭებული. აქ ვიზიტორებს გალო-რომაულ სარდაფებში ტურს სთავაზობენ, რომლებიც IV საუკუნით თარიღდება. ტური ღვინის დეგუსტაციასაც მოიცავს.

ფოტო: chalons-tourisme.com

მეხუთე ადგილზეა ესპანეთის Bodega Tío Pepe, რომელიც ხერესში მდებარეობს და შერის ღვინის მთავარ ცენტრად მიიჩნევა. სტუმრებს შეუძლიათ Hotel Bodega Tío Pepe-ში დარჩნენ და ღვინის დეგუსტაციაში მიიღონ მონაწილეობა.

ფოტო: chalons-tourisme.com