ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ხელმისაწვდომი EV-ების განვითარებაზე მუშაობს. როგორც გამოცემა Reuters-ი რამდენიმე შიდა წყაროზე დაყრდნობით წერს, კომპანია ბოლო კვირების განმავლობაში კომპაქტურ და ხელმისაწვდომ SUV-ზე დეტალების განსახილველად რამდენიმე სადილეროს უკვე დაუკავშირდა. საუბარი ეხება Tesla-ს მიერ სრულიად ახალი მოდელის შემუშავებას და არა არსებული Model 3-ის ან Y-ის ვერსიების გამოშვებას.
Reuters-ის წყაროთა ინფორმაციით, კომპაქტური ზომის SUV-ის წარმოება ჩინეთში იგეგმება, თუმცა ილონ მასკის კომპანია წარმოების გაფართოებას შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც განიხილავს. სააგენტოს ცნობით, ახალი ელექტრომობილის სიგრძე 4.28 მეტრი იქნება, რაც მნიშვნელოვნად მოკლეა Tesla-ს ყველაზე გაყიდვად Model Y-ის SUV-ზე, რომლის სიგრძე 4.7 მეტრია. გარდა ამისა, Tesla ახალ მოდელში სტანდარტული ორძრავიანი სისტემის ნაცვლად მხოლოდ ერთ ძრავას შემოგვთავაზებს, რაც მწარმოებელს ავტომობილის წონის შემცირებაში დაეხმარება.
2008 წელს Tesla-ს მიერ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შემდეგ, მასკმა განაცხადა, რომ მისი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი EV-ების შეთავაზება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის პროცესში. თუმცა 2024 წელს Tesla-მ ხელმისაწვდომი ელექტრომობილების პროექტი უკან დახია და ძალისხმევა ძირითადად რობოტაქსებისა და ჰუმანოიდი რობოტების განვითარებაზე გადაიტანა.
დაახლოებით $1.4 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაციით, Tesla მსოფლიოში ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელია. თუმცა მისმა მაღალმა ფასმა და იაფი ჩინური ალტერნატივების გამოჩენამ დროთა განმავლობაში Tesla-ზე მოთხოვნა შეამცირა. მაგალითად, Model 3-ის სტანდარტული მოდელის ფასი $36,990-დან იწყება, ხოლო Model Y-ის ღირებულება — $39,990-დან.
დაბალბიუჯეტიან ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის გავლენით, Tesla-ს წარმოებით ორმა ჩინურმა კომპანიამ გადაასწრო. SNE Research-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის აგვისტოდან 2025 წლის აგვისტომდე პერიოდში, BYD-მა 2.56 მილიონი ერთეული ავტომობილი გამოუშვა, რომელთა ძირითადი ნაწილი ადგილობრივი ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო Geely-მ 1.31 მილიონი ელექტრომობილი აწარმოვა.













