ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა – მიზეზი აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩავარდნის გაზრდილი რისკია

ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა – მიზეზი აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩავარდნის გაზრდილი რისკია

ფოტო: Shutterstock

დღეს, 20 აპრილს, ნავთობის ღირებულება დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, რაც აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაძლო ჩავარდნის შიშებს უკავშირდება. ბაზარზე ნეგატიური მოლოდინი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანული ტვირთმზიდი დააკავა, ხოლო ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირება კვლავ მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 4.19 დოლარით (4.6%) გაიზარდა და ბარელზე 94.57 დოლარს მიაღწია, ხოლო WTI (West Texas Intermediate) 4.60 დოლარით (5.5%) გაძვირდა – ბარელზე 88.45 დოლარამდე.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს ორივე მათგანი დაახლოებით 9%-ით დაეცა – ეს 18 აპრილის შემდეგ ყველაზე მკვეთრი დღიური ვარდნა იყო. მიზეზი ირანის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სრუტე კომერციული გემებისთვის სრულად გახსნილი იყო. თუმცა ვითარება სწრაფად შეიცვალა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა, მომავალში აღარ დაებლოკა სრუტე, რომელიც გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედზეა პასუხისმგებელი. მიუხედავად ამისა, ბაზარზე ნდობა სუსტია. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ განცხადებიდან მალევე სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებიც დაფიქსირდა.

Sparta Commodities-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზრის ფუნდამენტური მაჩვენებლები უარესდება, რადგან ყოველდღიურად 10–11 მილიონი ბარელი ნავთობი ბაზარს კვლავ არ მიეწოდება.

დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ ვაშინგტონმა ირანული ტვირთმზიდი დააკავა, რის შემდეგაც თეირანი საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა. ამასთან, ირანმა უარი განაცხადა მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მონაწილეობაზე, რომლის დაწყებასაც აშშ ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი ვადის ამოწურვამდე გეგმავდა.