ევროკომისია უნგრეთის მომავალ მთავრობასთან გაყინული თანხების გამოთავისუფლებაზე მუშაობას დათანხმდა

ევროკომისია უნგრეთის მომავალ მთავრობასთან გაყინული თანხების გამოთავისუფლებაზე მუშაობას დათანხმდა

ფოტო: NurPhoto | Balint Szentgallay

 

უნგრეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატ პეტერ მადიარის განცხადებით, ევროკომისია ქვეყნის ახალი შემადგენლობის მთავრობასთან უნგრეთისთვის EU-ის ფონდებიდან განკუთვნილი გაყინული თანხების გამოყოფაზე მუშაობას დათანხმდა. გასულ უქმეებზე, „ტისას“ წევრებთან ორდღიანი არაფორმალური მოლაპარაკებებისთვის, კომისიამ ბუდაპეშტში მაღალი დონის დელეგაციაც გაგზავნა. შეხვედრის შემდეგ მადიარმა თქვა, რომ თანხის მიღებისთვის საჭირო პროცესი, სავარაუდოდ, აგვისტოსთვის დასრულდება.

ბუდაპეშტში წარგზავნილმა დელეგაციამ, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის აპარატის უფროსი, ბიორნ ზაიბერტი ხელმძღვანელობდა, მოლაპარაკებები არჩევნებში გამარჯვებულ მადიარის პარტია „ტისას“ წარმომადგენლებთან გამართა. თავის მხრივ, ევროკომისიის მხრიდან, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არმყოფი პარტიის წევრებთან მსგავსი დონის დელეგაციის გაგზავნა უპრეცედენტოა და ხაზს უსვამს ბლოკის მზადყოფნას, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან.

„ერთ საკითხზე სრული თანხმობა არსებობს: რეალური მუშაობა უნდა დაიწყოს იმისათვის, რომ უნგრელი ხალხის კუთვნილი ფონდები ევროკავშირიდან, საბოლოოდ, უნგრეთს გადაეცეს“, — განაცხადა მადიარმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

მოლაპარაკებებს ოფიციალური წერილით გამოეხმაურა ევროკომისიაც, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს შეხვედრები წარმოადგენდა ადრეულ შესაძლებლობას იმ პრაქტიკული ნაბიჯების განსახილველად, რომლებიც აუცილებელია უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფონდების განსაბლოკად. კომისიის განცხადებით, ეს თანხები ამ დრომდე „გაყინულია კორუფციისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული პრობლემების გამო“, მხარეებს შორის რეალური პროგრესის მისაღწევად კი მუშაობა გრძელდება.

ცნობისთვის, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეუსაბამობებისა და წინა მთავრობის მიმართ კორუფციის ბრალდებების გამო, კომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი 27 მილიარდი ევროდან 17 მილიარდი ევრო დაბლოკა. უნგრეთი ასევე ითხოვს 17 მილიარდი ევროს მიღებას SAFE-დან, თავდაცვის ინდუსტრიის მოდერნიზაციისთვის. თუმცა „ტისას“ მთავარი ფოკუსი ევროკომისიის მიერ აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის ფარგლებში (RRF) გამოყოფილ 10.4 მილიარდ ევროზეა, რადგან აგვისტოს ბოლომდე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ამ თანხების დაკარგვის შანსი მაღალია.

მადიარის განცხადებით, უნგრეთის ახალი მთავრობა ქვეყნის სათავეში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ, სრულად შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს და ევროკავშირის სახსრებს, რომლებიც კანონიერად უნგრელებს ეკუთვნის, დაიბრუნებს. მადიარმა თანხის განბლოკვის ოთხეტაპიანი გეგმაც გამოაცხადა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას, სასამართლო დამოუკიდებლობის აღდგენასა და პრესისა და აკადემიური თავისუფლების დაცვას მოიცავს.