როგორ შეიცვალა მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ღირებულება?

როგორ შეიცვალა მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ღირებულება?

ფოტო: eurasia.travel

Colliers Georgia-ს ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,913 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.9%-იანი მატებაა. პარალელურად, ბაზრის მოცულობა 36.3%-ით გაიზარდა და 321 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ზრდა დაფიქსირდა როგორც ახალ, ისე ძველ პროექტებში. ახალაშენებულ ბინებში ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 33.4%-ით გაიზარდა. აქედან, პირველადი ბაზარი 38.7%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეული – 26.7%-ით. ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ძველ პროექტებშიც, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა 22.8%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების მკვეთრი ზრდა ნაწილობრივ გამოწვეულია 2025 წლის დაბალი ბაზით. გასულ წელს ბაზარზე აქტივობა შემცირებული იყო პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, რაც წლიური ზრდის მაღალი მაჩვენებლების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

ფასების მხრივ, ახალაშენებულ ბინებში განსხვავებული დინამიკა შეინიშნება ლოკაციის მიხედვით. გარეუბნებში ფასები 10.9%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში – 7.4%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა. ეს კლება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ცენტრში გაიზარდა შედარებით დაბალი ფასის მქონე უბნების წილი. მთლიანობაში, პირველადი ბაზრის საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე – 3.9%-ით.

ძველი ბინების სეგმენტშიც ფასები უმეტესად ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ქალაქის ცენტრში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, გარეუბნებში – 5.2%-ით, ხოლო ფართო ცენტრში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც კვლავ დაბალფასიანი უბნების წილის ზრდით აიხსნება. ჯამურად, ძველ პროექტებში ბინების ფასმა ქალაქის მასშტაბით 6.8%-ით მოიმატა.