ფოტო: eastasiaforum.org
ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს სავიზო სანქციების დაწესებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ პეკინი აშშ-დან საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაციის პროცესს არ განაახლებს. დეპორტაციის საკითხი, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ჩინელ კოლეგა სი ძინპინს შორის, პეკინში, 14-15 მაისს დაგეგმილი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
პეკინში დაგეგმილი ვიზიტი პრეზიდენტ ტრამპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ნოემბერში დანიშნული არჩევნების წინ, რადგან საშუალებას აძლევს მას, ამომრჩეველს ვაჭრობისა და საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული კონკრეტული შედეგები აჩვენოს.
პეკინი წლების განმავლობაში არ ასრულებდა აშშ-ის მოთხოვნებს — აშშ-ში არალეგალურად შესული და ვიზის ვადის პირობების დამრღვევი ჩინეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინა. თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ჩინეთმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ჩინეთის მტკიცებით, ის უკანონო მიგრაციას ეწინააღმდეგება, თუმცა მოქალაქეობის დადასტურებისა და ვერიფიკაციის პროცესი დროს მოითხოვს.
2025 წლის დასაწყისში ჩარტერული და კომერციული რეისებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაახლოებით 3,000 პირი დეპორტირდა, თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პეკინმა პროცესები მნიშვნელოვნად შეანელა.
როგორც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, ჩინეთი უარს ამბობს თავისი მოქალაქეების დასაბრუნებლად შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობაზე, რაც მათ საერთაშორისო ვალდებულებებისა და საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის დარღვევად შეაფასეს. მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ რეპატრიაციის პროცესი არ განახლდება, აშშ სავიზო სანქციების შემოღებას განიხილავს, მათ შორის: ვიზის მისაღებად სავალდებულო ფულადი გარანტიების ზრდას, ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმას, საზღვარზე შესვლის ბლოკირებას და ა.შ.
Reuters-ის წყაროთა ინფორმაციით, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის 100,000-ზე მეტი მოქალაქე არალეგალურად იმყოფება. 30,000-ზე მეტზე აშშ-ს დეპორტაციის ბრძანება აქვს გაცემული, ხოლო დაკავებულია 1,500-ზე მეტი პირი, რომლებიც ასევე დეპორტაციის მოლოდინში არიან.
ცნობისთვის, იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 243(დ) მუხლის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს უფლებამოსილება, სავიზო სანქციები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რეპატრიაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობენ. ჩინეთი კი წლებია, ამ მიმართულებით აშშ-ისთვის „პრობლემური“ ქვეყნების სიაშია.















