საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი რეპერის, Kanye West-ის (YE) კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორმა Starring Georgia-მ გაავრცელა. მათივე ცნობით, მუსიკალური შოუ 12 ივნისს თბილისში, „დინამო არენაზე“ შედგება.
Kanye West-მა, რომელიც დღეს მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა, კარიერა ჰიპ-ჰოპის პროდიუსინგით დაიწყო, თუმცა მალევე თავად გახდა მსოფლიო ვარსკვლავი. მის ანგარიშზე 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და საკულტო საკონცერტო შოუებია.
კანიეს შემოქმედებითი გზა განსაკუთრებით გამოიკვეთა ადრეულ ალბომებში – The College Dropout, Late Registration და Graduation, რომლებმაც არტისტს საერთაშორისო აღიარება მალევე მოუტანა. 2026 წლის მარტში მან ახალი ალბომი Bully გამოუშვა, რასაც საერთაშორისო საკონცერტო ტურნე მოჰყვა. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ლოს-ანჯელესში, „სფეროს“ სახელწოდებით ცნობილ სცენაზე გამართულმა პერფორმანსმა, რომელიც წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მუსიკალურ მოვლენად იქცა.
სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში წარდგება არტისტი 12 ივნისს თბილისში, „დინამო არენაზე“. გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა პლატფორმა tkt.ge-ზე, 12 მაისს, 12:00 საათიდან დაიწყება.











