ფოტო: Getty Images
აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ოპტიმიზმით, გუშინ საფონდო ბირჟებზე აქციათა ფასები გაიზარდა, ნავთობის ფასი კი შემცირდა. ინვესტორების განწყობა დადებითისკენ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ირანთან პოტენციური შეთანხმების ფონზეც, ჰორმუზის სრუტის ბედი კვლავ გაურკვეველი რჩება.
MSCI-ის მსოფლიო ინდექსი გუშინ 0.23%-ით გაიზარდა. ევროპული ინდექსი STOXX 600 თითქმის უცვლელი იყო, თუმცა ოთხშაბათს 2.2%-ით გაიზარდა. MSCI-ის აზია-წყნარი ოკეანეთის ინდექსი კი 1.8%-ით ყველა დროის მაქსიმუმამდე გაიზარდა. რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა იაპონურმა Nikkei-ს ინდექსმაც და 62,000-ს პირველად გადააჭარბა.
კაპიტალის ბაზრების ანალიტიკოსების განმარტებით, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში არსებული ბუნდოვანებისა, ინვესტორთა განწყობები დადებითისაკენ იცვლება და მომენტუმი კარგი მიმართულებით მიდის.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომის მალე დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ცნობისათვის, ირანი აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს ეცნობა და მასზე დათანხმებას განიხილავს. თუმცა, როგორც ცნობილია, ირანის ბირთვული პროგრამისა და ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით პოზიციები ჯერ კიდევ არ დაახლოებულა.
Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი გუშინ 1.5%-ით, ერთ ბარელზე $99.82 დოლარამდე შემცირდა. თუმცა შემცირების შემდეგაც, მისი ღირებულება თებერვლის მაჩვენებელზე მაინც 40%-ით მაღალია.
ირანის მიერ ამერიკულ შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, ამერიკასა და ირანს შორის წარმოებული თითქმის სამთვიანი კონფლიქტი ფორმალურად დასრულდება, რაც მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.

















