ფოტო: theworkersunion.com
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9% შეადგინა, თუმცა შრომის ბაზრის გარკვეული მაჩვენებლები გაუარესდა. განსაკუთრებით საყურადღებოა დასაქმებისა და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის შემცირება, ასევე ქალაქებში უმუშევრობის ზრდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.9% შეადგინა, ხოლო სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 54.5%-მდე დაეცა.
უარყოფითი ტენდენცია განსაკუთრებით ქალაქებში გამოვლინდა – ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამის საპირისპიროდ, სოფლებში დასაქმება 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო უმუშევრობა 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ანგარიშის მიხედვით, ქალები შრომის ბაზარზე კვლავ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან. 2025 წელს ქალებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 44.2%-ს შეადგენდა, რაც კაცების მაჩვენებელზე (66.3%) მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, ქალებში დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მაშინ როდესაც კაცებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი კვლავ ახალგაზრდებშია. 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღნიშნული მაჩვენებელი 39%-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ასაკის თითქმის ყოველი მესამე ეკონომიკურად აქტიური ახალგაზრდა უმუშევარია.
რეგიონების მიხედვით, უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 69.3%-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია.











