ფოტო: Korea Tourism Organization
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 629.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.7%-ით მეტია. ამასთან, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 26.9%-ით გაიზარდა და 1 267.7 ლარს მიაღწია.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 640.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.3%-ით მეტია.
ამავე პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 496.3 ათასი შეადგინა, რაც წლიურად 2.9%-იანი ზრდაა. მათ შორის, ტურისტული ტიპის ვიზიტების რაოდენობა 328.8 ათასი იყო, რაც 1.7%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
ვიზიტების უდიდესი ნაწილი, 46.7%, 31-50 წლის ასაკის ვიზიტორებზე მოდიოდა, ხოლო ქალების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა მთლიანი რაოდენობის 45.6% შეადგინა.
მოგზაურობის მთავარი მიზანი უმეტეს შემთხვევაში მეგობრებისა და ნათესავების მონახულება იყო. ასეთი ვიზიტები მთლიანი რაოდენობის 35.3%-ს შეადგენდა.
ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის კვლავ თურქეთი და რუსეთის ფედერაცია ლიდერობს. 2026 წლის I კვარტალში თურქეთში 172.4 ათასი ვიზიტი განხორციელდა, ხოლო რუსეთში – 89.3 ათასი.
საქსტატის მონაცემებით, საზღვარგარეთ ვიზიტისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.8 შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მცირედით, 1.4%-ით, გაიზარდა. ამასთან, ვიზიტების 99.1% განმეორებითი ხასიათის იყო.
ტერმინთა განმარტებები:
- ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.
- ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით წასულები, საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).
- ვიზიტი არის ვიზიტორების გადაადგილება.
- ტურისტული ვიზიტი – იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე გაათენა ვიზიტის ადგილზე; ექსკურსიული ვიზიტი – იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე არ გაათენა ვიზიტის ადგილზე.











