Forbes Iconoclast 50-ის 2026 წლის რეიტინგი

Forbes Iconoclast 50-ის 2026 წლის რეიტინგი

ფოტო: Forbes

 

ოთხი წლის წინ ამერიკულმა Forbes-მა საფუძველი ჩაუყარა Iconoclast-ის სამიტს, რათა შეექმნა პლატფორმა ფინანსების, მრეწველობის, შოუბიზნესის, მედიისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერებისთვის. Forbes-ის ფორუმის მთავარი არსი კოვიდპანდემიის შემდგომ რეალობაში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად რეალური გზების პოვნა იყო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია წარსულს ჩაჰბარდა, Forbes-ისთვის Iconoclast-ის ფორმატმა მიმდინარე მოვლენების გამო — ირანის ომით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით დასრულებული — წელსაც შეიძინა მნიშვნელობა.

თუმცა ამჯერად ამერიკულმა გამოცემამ Iconoclast-ის სადებიუტო რეიტინგის გამოქვეყნება გადაწყვიტა, იმავე აქცენტით — სია ფინანსების, ბიზნესის, ტექნოლოგიების, მედიის, შოუბიზნესისა და ქველმოქმედების სფეროს იმ ლიდერებს აერთიანებს, რომლებიც რეალურ დროში თამაშის წესებს ცვლიან, არღვევენ თავიანთი ინდუსტრიის საზღვრებს და არსებულ სტატუს-კვოს ეწინააღმდეგებიან. როგორც გამოცემა თავადვე აღწერს, Iconoclast 50-ის რეიტინგი Forbes-ის სამყაროს VIP-ზონაა, რომელშიც ვხვდებით მილიარდერებს, აღმასრულებელ დირექტორებს, ცნობილ სახეებს, სპორტსმენებსა და ფილანთროპებს.

Iconoclast-ის სადებიუტო რეიტინგის წევრების ერთობლივი სიმდიდრე $2.5 ტრილიონს აღემატება. სიაში მოსახვედრად Forbes-მა რამდენიმე კრიტერიუმი შეიმუშავა. მაგალითისთვის, ერთ-ერთი პირობით, სადებიუტო რეიტინგის ნომინანტები წარსულში ასევე უნდა ყოფილიყვნენ Forbes-ის რომელიმე რეიტინგის წევრებს შორის — იქნებოდა ეს Forbes 400, Midas-ი თუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია. შედეგად, ახალი რეიტინგის პირველი ეტაპის ფილტრაცია უშუალოდ Forbes-ის უკვე არსებულ ანგარიშებსა და კვლევებს ეყრდნობოდა.

მეორე ეტაპი კი უკვე რეიტინგში შემავალი პირების ბოლოდროინდელ აქტივობებს უკავშირდებოდა. კერძოდ, Forbes-ის პირობებით, მათ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინათ ბაზარზე, გაეტარებინათ ინოვაციური თუ არასტანდარტული სტრატეგია, ან თავიანთი ინდუსტრია შეეცვალათ.

შედეგად, Iconoclast 50-ის 2026 წლის რეიტინგი ძირითადად მსოფლიო მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი სახეებითაა დაკომპლექტებული. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, $824 მილიარდის ქონებით, რომელიც SpaceX-ის IPO-ს შემდეგ შესაძლოა პლანეტის პირველი ტრილიონერიც გახდეს. ასევე, ამავე სიაშია ნაკლებად ცნობილი გვინ შოტუელი, მასკის კოსმოსური კომპანიის მთავარი ოპერაციული დირექტორი, რომელიც თავადაც მილიარდერია და კომპანიის ყოველდღიურ პროცესებს პირადად მართავს.

Iconoclast 50-ის რეიტინგში მოხვდა DeepSeek-ის 41 წლის დამფუძნებელი ლიანგ ვენფენგი, რომელმაც თავისი დაბალბიუჯეტიანი AI-მოდელის გაშვებით ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები — მათ შორის ამერიკული კონკურენტების აქციების ფასების ვარდნა — გამოიწვია. ვენფენგის ქონება $11.5 მილიარდადაა შეფასებული. Forbes-ის სიაშია LA Dodgers-ის ბეისბოლისტი შოჰეი ოტანი, ასევე ჰეჯ-ფონდის მენეჯერი კრის ჰონი, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში $40 მილიარდის მოგება ნახა და კენ გრიფინსაც გადაუსწრო. თავის მხრივ, Iconoclast 50-ის სიაში მოხვედრა ამ უკანასკნელმაც მოახერხა.

ცნობისთვის, Iconoclast 50-ის სადებიუტო რეიტინგის წევრებიდან ათი ქალია, დაახლოებით ერთი მეოთხედი კი — იმიგრანტი. მრავალფეროვანია სიის წევრების საგანმანათლებლო ფონიც: მიუხედავად იმისა, რომ მათმა უმეტესობამ ელიტური სასწავლებლები დაასრულა, როგორიცაა ჰარვარდი, უორტონი და სტენფორდი, 13 მათგანს კოლეჯიც არ დაუმთავრებია, ხოლო ორმა სკოლა საშუალო განათლების ატესტატის აღებამდე დატოვა.

სიაში არიან ისეთი პირებიც, რომლებიც საზოგადოებაში მოწონების მაღალი შეფასებით არ გამოირჩევიან, ასეთია, მაგალითად, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, „ჰარი პოტერის“ ავტორი ჯოან როულინგი და Palantir-ის ხელმძღვანელი ალექს კარპი. თუმცა ჩამოთვლილთაგან თითოეულმა მათგანმა ეჭვქვეშ დააყენა ტრადიციული შეხედულებები და სამუდამოდ შეცვალა ის ასპარეზი, რის გამოც ამერიკული Forbes-ის Iconoclast-ის სადებიუტო რეიტინგში დაიმკვიდრეს თავი.

Iconoclast 50-ის წლევანდელი რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. ბილ აკმანი – Pershing Square Capital Management-ის დამფუძნებელი; ქონება: $9 მილიარდი
  2. სემ ალტმანი – OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი; $3.5 მილიარდი
  3. დარიო ამოდეი – Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი; $7 მილიარდი
  4. პაოლო არდოინო – Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი; $38 მილიარდი
  5. ბრაიან არმსტრონგი – Coinbase-ს დამფუძნებელი და CEO; $9.1 მილიარდი
  6. ლაურა და ჯონ არნოლდები – Laura and John Arnold Foundation-ის თანადამფუძნებლები; $2.8 მილიარდი
  7. კონი და სტივ ბალმერები – The Ballmer Group-ის თანადამფუძნებლები; $132.9 მილიარდი
  8. უორენ ბაფეტი – Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე; $140 მილიარდი
  9. სტივ კოენი – Point72 Asset Management-ის დამფუძნებელი; $23 მილიარდი
  10. რაიან კუგლერი – Proximity Media-ს თანადამფუძნებელი; $25 მილიონი
  11. ტიმ კუკი – Apple-ის CEO; $3 მილიარდი
  12. სუზან და მაიკლ დელები – The Michael & Susan Dell Foundation-ის თანადამფუძნებლები; $203.5 მილიარდი
  13. ლარი ელისონი – Oracle-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და CTO; $271.5 მილიარდი
  14. რიჩარდ ფეარბანკი – Capital One-ს თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და CEO; $1.6 მილიარდი
  15. ლარი ფინკი – BlackRock-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და CEO; $1.3 მილიარდი
  16. მელინდა ფრენჩ გეიტსი – Pivotal Philanthropies Foundation-ის დამფუძნებელი; $29.8 მილიარდი
  17. კენ გრიფინი – Citadel LLC-ის დამფუძნებელი და CEO; $50 მილიარდი
  18. კრისტოფერ ჰონჰი – The Children’s Investment Fund-ის დამფუძნებელი; $11.8 მილიარდი
  19. ჯენსენ ჰუანგი – Nvidia-ს CEO; $186.8 მილიარდი
  20. ალექს კარპი – Palantir Technologies-ის თანადამფუძნებელი და CEO; $14.7 მილიარდი
  21. ბიონსე – მუსიკოსი; $1 მილიარდი
  22. ლუანა ლოპეს ლარა – Kalshi-ს თანადამფუძნებელი; $2.6 მილიარდი
  23. პალმერ ლაქი – Anduril Industries-ის დამფუძნებელი; $5 მილიარდი
  24. ტარეკ მანსური – Kalshi-ს თანადამფუძნებელი; $2.6 მილიარდი
  25. ბენიტო ანტონიო მარტინეზ ოკასიო (Bad Bunny) – მუსიკოსი; უცნობია
  26. დასტინ მოსკოვიცი და კარი ტუნა – Good Ventures-ის დამფუძნებელი; $9.9 მილიარდი
  27. ილონ მასკი – Tesla-ს, SpaceX-ისა და XAI-ს CEO; $829.5 მილიარდი
  28. სატია ნადელა – Microsoft-ის CEO; $1.3 მილიარდი
  29. მაიკლ ნოვოგრაცი – Galaxy Digital Holdings-ის დამფუძნებელი; $7.1 მილიარდი
  30. შოჰეი ოტანი – ათლეტი; უცნობია
  31. ტრეი პარკერი – South Park-ის თანაკრეატორი; $1.2 მილიარდი
  32. სუნდარ პიჩაი – Alphabet-ის CEO; $1.3 მილიარდი
  33. ასაფ რაპაპორტი – Wiz-ის თანადამფუძნებელი და CEO; $2.3 მილიარდი
  34. ჯოან როულინგი – მწერალი; $1.2 მილიარდი
  35. მაიკლ სეილორი – Strategy Inc-ის დამფუძნებელი; $5.2 მილიარდი
  36. სტივ შვარცმანი – Blackstone-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და CEO; $39 მილიარდი
  37. მაქკენზი სკოტი – Yield Giving-ის დამფუძნებელი; $33.1 მილიარდი
  38. გვინ შოტუელი – SpaceX-ის პრეზიდენტი და COO; $1.3 მილიარდი
  39. მასაიოში სონი – SoftBank-ის CEO; $88.1 მილიარდი
  40. მეტ სტოუნი – South Park-ის თანაკრეატორი; $1.2 მილიარდი
  41. ტეილორ სვიფტი – მუსიკოსი; $2 მილიარდი
  42. ვლად ტენევი – Robinhood-ის თანადამფუძნებელი; $4.4 მილიარდი
  43. აბელ მაკონენ ტესფაიე (The Weeknd) – მუსიკოსი; უცნობია
  44. დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი; $6.1 მილიარდი
  45. დევიდ ველეზი – Nubank-ის თანადამფუძნებელი და CEO; $12.9 მილიარდი
  46. ლიანგ ვენფენგი – DeepSeek-ის დამფუძნებელი და CEO; $11.5 მილიარდი
  47. დანა უაიტი – UFC-ის პრეზიდენტი და CEO; $600 მილიონი
  48. ჯეფ იასი – Susquehanna International Group-ის თანადამფუძნებელი; $67.4 მილიარდი
  49. ჭანგ იიმინგი – ByteDance-ს თანადამფუძნებელი; $69.3 მილიარდი
  50. მარკ ცუკერბერგი – Meta-ს CEO; $209.4 მილიარდი