17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, UG StartUp Factory სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში პრე-აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას, Demo Day S2026-სა და საგანმანათლებლო კონფერენციას გამართავს.
UG StartUp Factory საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრია, რომელიც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს იდეების რეალურ ბიზნესად გარდაქმნაში ეხმარება. სწორედ ამ მისიას ასრულებს პრე-აქსელერაციის პროგრამა, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ინიციატივა, რომლის ფარგლებში მონაწილეები სტარტაპის შექმნის მთელ პროცესს გადიან: პრობლემის იდენტიფიცირებიდან და მომხმარებლის კვლევიდან, იდეის ტესტირებამდე, პროტოტიპის შექმნასა და ბიზნეს მოდელის განვითარებამდე.
Demo Day პროგრამის კულმინაციაა, სადაც ფინალისტი გუნდები საკუთარ სტარტაპ იდეებს კომპეტენტურ ჟიურისა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენენ. წელს, გაზაფხულის სეზონის ღონისძიებაზე 12 ფინალისტი გუნდი იბრძოლებს საქართველოს უნივერსიტეტის ფონდის მიერ გამოყოფილი ₾50,000-იანი დაფინანსებისთვის. გამარჯვებული ხუთი გუნდი საკუთარი იდეის განვითარებისთვის ₾10,000-იან გრანტს მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ პრე-აქსელერაციის პროგრამა უკვე მეხუთედ ტარდება, წლევანდელი Demo Day განსაკუთრებული ფორმატით გაიმართება. ტრადიციული ღონისძიების პარალელურად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საგანმანათლებლო კონფერენციას, რომელიც ტექნოლოგიების, განათლებისა და მომავლის კარიერული შესაძლებლობების ირგვლივ ყველაზე აქტუალურ საკითხებს გააერთიანებს.
კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ტექნოლოგიური ტრენდები და მათი გავლენა თანამედროვე სამყაროზე, შრომითი ბაზრის ტრანსფორმაცია, მომავლის პროფესიები, განათლების როლი სწრაფად ცვალებად გარემოში და კარიერის დაგეგმვის თანამედროვე მიდგომები. ღონისძიების მონაწილეები ასევე დაესწრებიან პანელურ დისკუსიას თემაზე „როგორ პასუხობს უნივერსიტეტი თანამედროვე გამოწვევებს?”, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმსჯელებენ იმ უნარებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალგაზრდებს მომავლისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.
ღონისძიება განსაკუთრებულად საინტერესო იქნება აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, მეწარმეობა, ინოვაციები და კარიერული განვითარება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ინდუსტრიის ლიდერებს, დაუსვან მათ კითხვები და გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე საგანმანათლებლო და სტარტაპ ეკოსისტემაში არსებობს.
UG StartUp Factory 2023 წლიდან აქტიურად ავითარებს ახალგაზრდულ სამეწარმეო ეკოსისტემას, ახორციელებს პრე-აქსელერაციის პროგრამებს, საგანმანათლებლო პროექტებს, სპიკერ სესიებსა და ინოვაციურ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებს პრაქტიკული ცოდნისა და რეალური გამოცდილების მიღებაში ეხმარება.
დემო დღეზე დასწრება თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე: https://forms.gle/pWHjCq1R64szPFRk7
ღონისძიების მთავარი მედია პარტნიორია Forbes Georgia. დემო დღეს ასევე მხარს უჭერენ თიბისი ბანკი, Lingwing და სმარტ აკადემია.
















