მიხეილ ლომთაძემ ინგლისურ კლუბ Wycombe Wanderers-ში წილი შეამცირა

მიხეილ ლომთაძემ ინგლისურ კლუბ Wycombe Wanderers-ში წილი შეამცირა

ფოტო: Getty Images

Forbes Kazakhstan-ის ინფორმაციით, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისურ საფეხბურთო კლუბ Wycombe Wanderers-ში საკუთარი წილი შეამცირა. გარიგების შედეგად ლომთაძის წილი 90%-დან 80%-მდე შემცირდა, მის მიერ გაყიდული 10%-იანი წილი კი კლუბის თავმჯდომარემ და დირექტორმა დენ რაისმა შეიძინა.

კლუბის განცხადების თანახმად, გარიგება დირექტორთა საბჭომ და შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უკვე დაამტკიცეს. შედეგად, Wycombe Wanderers-ის მფლობელობის სტრუქტურა შემდეგნაირად გადანაწილდა: Feliciana EFL Limited — 80%; Wycombe Wanderers Supporters Trust (გულშემატკივართა ტრასტი) — 10%; დენ რაისი — 10%.

შეგახსენებთ, მიხეილ ლომთაძე Wycombe Wanderers-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი 2024 წლის მაისში გახდა. მაშინ კომპანია Feliciana EFL Limited-ის (რომელიც Wycombe Wanderers-ის 90%-ს ფლობდა) კონტროლი Feliciana EFL LLC-დან ლომთაძის კუთვნილ Blue Ocean Partners II Limited-ს გადაეცა.

ამავე პერიოდში ლომთაძე კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. საბჭოში ასევე შევიდნენ ედუარდ ვიშნიაკოვი და დენ რაისი.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მიხეილ ლომთაძე ამჟამად $6 მილიარდის ქონებას ფლობს და საქართველოს უმდიდრესი ადამიანია. აღსანიშნავია, რომ ის Forbes Kazakhstan-ის 2024 წლის რეიტინგში ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიან ბიზნესმენს შორის დასახელდა და მე-6 პოზიცია დაიკავა. ლომთაძე Forbes Georgia-ს მიერ შედგენილ პირველ უმდიდრესი მეწარმეების სიას ლიდერობს.