ფოტო: AP / Vadim Ghirda
საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ ყოველწლიური სამიტი მიმდინარეობს, რომელიც 15 ივნისს დაიწყო და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. G7-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერები სამიტზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერებასა და რუსეთის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორზე, დამატებითი ზეწოლის მოხდენაზე შეთანხმდნენ.
სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელშიც უკრაინისადმი „ურყევი მხარდაჭერა“ დაადასტურეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ფრონტის ხაზზე ახალი იმპულსი შექმნა და პარტნიორი ქვეყნები ამ დინამიკის შენარჩუნებას საჰაერო თავდაცვის სისტემების, დამატებითი გადამჭერი რაკეტებისა და შორი მოქმედების იარაღის მიწოდებით შეუწყობენ ხელს.
G7-ის ლიდერებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ უკრაინისთვის სამხედრო წარმოების ლიცენზიების გაფართოება. კიევი განსაკუთრებით დაინტერესებულია აშშ-ის წარმოების Patriot-ის ანტისარაკეტო სისტემების მიღებით.
„ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე. ამ კონტექსტში, გავამკაცრებთ სანქციებს, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორების მიმართ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შესაძლოა მალე დაუბრუნდეს რუსეთის ენერგეტიკული ექსპორტის წინააღმდეგ სანქციების სრულად ამოქმედებას. მისი თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულმა ჩარჩო-შეთანხმებამ შესაძლოა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილება გაამარტივოს და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული წნეხი შეამციროს.
ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ უკვე სანქიცების 21 პაკეტი აქვს მიღებული. ბოლო პაკეტი მიმდინარე თვეში დამტკიცდა და ის რუსეთის ნავთობის ექსპორტსა და ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ შეეხო.
G7-ის ლიდერებმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის მნიშვნელობაზე და პირობა დადეს, რომ ქვეყანას მომავალი ზამთრის გადატანაში დაეხმარებიან. რუსეთი ზამთრის პერიოდში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს რეგულარულად ახორციელებს, რაც ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
არსებული შეფასებებით, 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინის მიმართ გაწეულმა სამხედრო და ფინანსურმა დახმარებამ დაახლოებით 200 მილიარდ ევროს მიაღწია. გარდა ამისა, უკრაინა მიმდინარე თვიდან დამატებით 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის მიღებასაც დაიწყებს. ამავდროულად, აშშ-ის მიერ გაწეული საერთო დახმარება დაახლოებით 115 მილიარდ ევროს შეადგენს.














