ფოტო: radar.am
შვეიცარიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყანაში ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაუქმებულია და მოლაპარაკებების დაწყება დროებით გადაიდო. ახლო აღმოსავლეთში რამდენიმეთვიანი დაძაბულობის დასასრულებლად მხარეებს ხელი შეთანხმებაზე პარასკევს შვეიცარიაში უნდა მოეწერათ.
შვეიცარიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც. თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, „მოლაპარაკებების ლოგისტიკა არასდროს ყოფილა მარტივი ან პროგნოზირებადი“.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებები გადაიდო, თუმცა შვეიცარია კვლავ გამოთქვამს მზაობას, იყოს ამ მოლაპარაკებების ფასილიტატორი და მოსამზადებელი სამუშაოები კვლავ გრძელდება.
საინტერესოა, რომ ირანი ტექნიკური მოლაპარაკებების დასაწყებად მზად იყო მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს მიღწეული 14-პუნქტიანი შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მინიმუმ 60 დღით გახანგრძლივდა.
ირანული მედიასააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ირანის დელეგაცია პირველ რიგში აშშ-ის მხრიდან შეთანხმების განხორციელების შესახებ გარკვეულ ნიშანს ელოდებოდა, თუმცა არ არსებობდა დასტური, რომ მათი დელეგაცია შვეიცარიაში მიემგზავრებოდა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებდა შვეიცარიაში ხელის მოწერის ცერემონიის გამართვის საჭიროებას, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ პაქტს ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი უკვე მოაწერეს.
ცნობისთვის, სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიღმა დარჩენილი ისრაელი, რომელიც აშშ-ირანის შეთანხმებიდან დისტანცირდა, ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. ირანული მხარისთვის კი ლიბანში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ერთ-ერთი მთავარი სამშვიდობო პირობა იყო.












