Volkswagen-ი 100,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას და ქარხნების ნაწილის დახურვას გეგმავს | Reuters

Volkswagen-ი 100,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას და ქარხნების ნაწილის დახურვას გეგმავს | Reuters

ფოტო: AFP

 

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი ადგილობრივ ბაზარზე ოთხი ქარხნის დახურვასა და 100,000-მდე სამუშაო ადგილის გაუქმებას განიხილავს. გამოცემა ინსაიდერულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმირებულნი არიან და საკითხის განხილვა 9 ივლისსაა დანიშნული.

აღსანიშნავია, რომ Volkswagen-ის ახალი გეგმა წინააღმდეგობაში მოდის 2024 წელს კომპანიასა და გერმანიის პროფკავშირებს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან. გარიგების პირობებით, ავტომწარმოებელმა შემცირებების რაოდენობა 50,000-მდე დასწია, მომდევნო ათწლეულში კი გერმანიის ბაზარზე ქარხნების დახურვა კატეგორიულად გამორიცხა. თუმცა, როგორც ახლა ხდება ცნობილი, ოპერირებას ჰანოვერში, ცვიკაუში, ემდენსა და Audi-ს ნეკარზულმში მდებარე ქარხნები შეწყვეტენ.

დამატებით, მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ავტომწარმოებელი მომდევნო ხუთი წლის დაგეგმილ ინვესტიციებსაც 15%-ით, €130 მილიარდამდე შეამცირებს. გარდა ამისა, Volkswagen-ის CEO ოლივერ ბლუმე და ფინანსური დირექტორი, არნო ანტლიცი, კომპანიის ფუნდამენტური რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, VW-ისა და მისი სათადარიგო ნაწილების განყოფილებების ცალკეულ სუბიექტებად დაყოფასაც განიხილავენ.

Volkswagen-ში ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია ჩინეთისგან კონკურენციას, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტარიფებსა და ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის მაღალ ხარჯებს უკავშირდება.

ცნობისთვის, 2025 ფინანსური წლისთვის Volkswagen-ის გლობალური სამუშაო ძალა 667,164 ადამიანს შეადგენდა, რომელთა თითქმის 43% გერმანიაში იყო დასაქმებული. პარასკევ დილას, გერმანული ავტომწარმოებლის აქციების ფასი, რომლებიც ისედაც უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ღირებულებით ივაჭრებოდა, დამატებით 0.4%-ით დაეცა, რაც მიუთითებს, რომ ინვესტორები გეგმის წარმატების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.