საქსტატის თქმით, I კვარტალში მშპ 9%-ით გაიზარდა

საქსტატის თქმით, I კვარტალში მშპ 9%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.0%-ით გაიზარდა.

მიმდინარე ფასებში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ 24.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, მშპ-ის დეფლატორის ცვლილება 2.3%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი რამდენიმე დარგმა შეიტანა. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც 36%-ით გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა ტრანსპორტისა და დასაწყობების დარგმა (18%), ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფერომ (14.5%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა (11.7%) და საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ასევე ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის სექტორმა (5.5%).

მეორე მხრივ, კლება დაფიქსირდა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში, სადაც მაჩვენებელი 3.3%-ით შემცირდა, ხოლო მშენებლობის სექტორში 2%-იანი ვარდნა აღინიშნა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი საბითუმო და საცალო ვაჭრობის; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის სექტორს ეკავა – 13.2%. მას მოსდევს ინფორმაცია და კომუნიკაცია (10.4%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10%), დამამუშავებელი მრეწველობა (8.2%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.2%), განათლება (6.5%), მშენებლობა (6.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1%) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებ (5.9%).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემები 2026 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდება.