ტრამპი: აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს დააწესებს

ტრამპი: აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს დააწესებს

ფოტო: Getty Images

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას აღადგენს და ჰორმუზის სრუტის საშუალებით გადაზიდული ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის 20%-იან გადასახადს დააწესებს. ტრამპის მტკიცებით, მიუხედავად საზღვაო მარშრუტის დახურვის შესახებ თეირანის განცხადებისა, ჰორმუზის სრუტე ღია დარჩება.

„ჰორმუზის სრუტე ღიაა და ღია დარჩება, ირანის მონაწილეობით თუ მის გარეშე. ჩვენ ირანის წინააღმდეგ ბლოკადას აღვადგენთ,“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებითვე, „მსოფლიოს ამ ძალიან არასტაბილურ ნაწილში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯების დასაფარად, აშშ ყველა გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს მიიღებს“. ტრამპის თქმით, პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება, თუმცა სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

Truth Social-ზე განცხადების გამოქვეყნებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტის თაობაზე Fox News-ის გადაცემა Fox & Friends-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, ჰორმუზის სრუტის კონტროლს საკუთარ თავზე აიღებს. „ჩვენ შევინარჩუნებთ სრუტეს და, სავარაუდოდ, თავადვე ვმართავთ მას. [ჩვენ] გავხდებით სრუტის მფარველები, რასაც, შესაძლოა, „სრუტის მფარველი ანგელოზებიც“ კი ვუწოდოთ. ამისთვის კი შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა ავიღოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ თეირანმა ორშაბათს განაცხადა და მიზეზად „არაავტორიზებული ტრანზიტი“ დაასახელა. ირანული მხარის თქმით, ტრანზიტის გაგრძელებაზე ნებართვას მხოლოდ „სტაბილურობისა და მშვიდობის აღდგენის“ შემდეგ გასცემს. ტრამპმა კი თეირანი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და მკაცრი საპასუხო ზომებითაც დაემუქრა.