Bloomberg: OpenAI-ის პირველი AI-მოწყობილობა ჭკვიანი სპიკერი იქნება

Bloomberg: OpenAI-ის პირველი AI-მოწყობილობა ჭკვიანი სპიკერი იქნება

ფოტო: AI

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, OpenAI პირველ სამომხმარებლო მოწყობილობას ამზადებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჭკვიანი სპიკერი იქნება. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოწყობილობა ChatGPT-ზე დაფუძნებული AI-ასისტენტით იქნება აღჭურვილი და მომხმარებლებს მედიის დაკვრაში, კითხვებზე პასუხის გაცემასა და შეტყობინებების მართვაში დაეხმარება. ამასთან, ის სახლის ჭკვიანი მოწყობილობების კონტროლსაც შეძლებს.

Bloomberg-ის ცნობით, AI-ასისტენტი დროთა განმავლობაში უფრო პერსონალიზებული გახდება, რადგან მომხმარებლის შესახებ დაგროვილ ინფორმაციას შეისწავლის. წყაროების განცხადებით, OpenAI-ის მიზანია შექმნას სისტემა, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს წინასწარ განსაზღვრავს და მისთვის ერთგვარ პერსონალურ ექსპერტად იქცევა. ამისთვის მოწყობილობა, შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, ელექტრონულ ფოსტასა და სხვა პერსონალურ მონაცემებსაც გამოიყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობას ექნება მოძრავი მექანიკური ელემენტები, რაც მას უფრო „ცოცხალი“ თანამოსაუბრის შთაბეჭდილებას მისცემს. ასევე, ინტეგრირებული იქნება კამერა და სხვადასხვა სენსორი, ხოლო გაუმჯობესებული ChatGPT Voice Mode-ი საუბრის მიმდინარეობისას კონტექსტის უკეთ აღქმასა და ბუნებრივ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მოწყობილობა იმუშავებს როგორც ქსელში მუდმივად ჩართული სპიკერი, თუმცა, ჩაშენებული დატენვადი ელემენტის წყალობით, მისი გადატანა სახლის სხვადასხვა ოთახშიც იქნება შესაძლებელი.

გამოცემა წერს, რომ OpenAI მოწყობილობის ბაზარზე გამოშვებას 2027 წლისთვის გეგმავს, თუმცა ვადები შესაძლოა შეიცვალოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი Apple-ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელია, რომელშიც კომპანია OpenAI-ს სავაჭრო საიდუმლოების მითვისებაში ადანაშაულებს. Apple-ი ამტკიცებს, რომ OpenAI-ის ტექნიკის მიმართულებამ წარმოების დიზაინები და პროტოტიპები უკანონოდ მოიპოვა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, OpenAI ამჟამად დაახლოებით ხუთ სხვადასხვა ფიზიკურ მოწყობილობაზე მუშაობს და მისი გრძელვადიანი მიზანი ისეთი AI-პროდუქტის შექმნაა, რომელმაც მომავალში შესაძლოა სმარტფონი ჩაანაცვლოს.

კომპანიამ გასულ წელს 6.4 მილიარდ დოლარად მოწყობილობების სტარტაპი io Products-ი შეიძინა, რის შედეგადაც OpenAI-ის შეუერთდა Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერი ჯონი აივი. კომპანიაში ასევე გადავიდნენ Apple-ის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც, მათ შორის ტანგ ტანი და ინჟინერი ჩანგ ლიუ.

Apple-ის სარჩელის მიხედვით, ტანგ ტანი კომპანიის კონფიდენციალური მასალების მოპოვების ორგანიზებაში მონაწილეობდა, ხოლო ჩანგ ლიუმ Apple-ის დატოვებისას კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი ლეპტოპი წაიღო. Apple-ი ასევე აცხადებს, რომ OpenAI-მ მისი 400-ზე მეტი ყოფილი თანამშრომელი დაიქირავა.

თავის მხრივ, OpenAI-მ Bloomberg-ს განუცხადა, რომ Apple-ის ბრალდებებს სერიოზულად ეკიდება, თუმცა კომპანიის შეფასებით, სარჩელში წარმოდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად მტკიცებულებები არ არსებობს.