ბესენტმა ტრამპის გამოსახულებით 1-დოლარიანი ოქროს მონეტის დიზაინი წარადგინა

ბესენტმა ტრამპის გამოსახულებით 1-დოლარიანი ოქროს მონეტის დიზაინი წარადგინა

ფოტო: Getty Images

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა, 1-დოლარიანი ოქროს მონეტის დიზაინი წარადგინა, რომელზეც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსახულებაა დატანილი. რამდენიმე კვირის წინ, ბესენტმა ტრამპის გამოსახულებით 250-დოლარიანი ბანკნოტის კონცეფციაც გაასაჯაროვა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კანონმდებლობა მოქმედი პირების გამოსახულების ვალუტაზე განთავსებას კრძალავს.

სოციალურ პლატფორმა X-ზე ბესენტმა მონეტის დიზაინის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. მონეტის ერთ მხარეს ტრამპის პორტრეტია გამოსახული, ხოლო წარწერებს შორისაა „In God We Trust“ და „Liberty 1776–2026“.

ბესენტის თქმით, მონეტა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეძღვნება და „ამერიკული ღირებულებების“ აღნიშვნას ისახავს მიზნად.

გავრცელებული დიზაინი ემთხვევა ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ზარაფხანამ ქვეყნის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე წელს წარადგინა და არა იმ 24-კარატიან სამახსოვრო მონეტას, რომელიც მარტში სახვითი ხელოვნების ფედერალურმა კომისიამ დაამტკიცა.

აშშ-ის მოქმედი კანონმდებლობა ეროვნულ ვალუტაზე ცოცხალი ადამიანების გამოსახულების განთავსებას კრძალავს. თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ აღნიშნული მონეტა ამ აკრძალვას არ არღვევს, რადგან იგი 2020 წელს მიღებულ კანონს ეფუძნება, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური დიზაინის გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

გასული წლის დეკემბერში დემოკრატმა კანონმდებლებმა, მათ შორის სენატორებმა ჯეფ მერკლიმა და კეტრინ კორტეს მასტომ, წარადგინეს კანონპროექტი სახელწოდებით Change Corruption Act, რომელიც პირდაპირ კრძალავს მოქმედი ან ცოცხალი პრეზიდენტის გამოსახულების ნებისმიერ ამერიკულ ვალუტაზე დატანას.

ამასთან, აშშ-ში 1886 წლიდან მოქმედებს ე.წ. Thayer Amendment, რომელიც ცოცხალი ადამიანების გამოსახულების სახელმწიფო ობლიგაციებზე, ბანკნოტებსა და სხვა ფასიან ქაღალდებზე გამოყენებას კრძალავს. ხოლო 2005 წელს მიღებულმა Presidential $1 Coin Act-მა 1-დოლარიანი მონეტების სერიის გამოშვება მხოლოდ გარდაცვლილი პრეზიდენტების გამოსახულებით დაუშვა.

მიმდინარე წლის მარტში ტრამპის მიერ დანიშნულმა წევრებმა, რომლებიც სახვითი ხელოვნების ფედერალურ კომისიაში მუშაობენ, ასევე დაამტკიცეს 24-კარატიანი სამახსოვრო ოქროს მონეტის დიზაინი, რომელზეც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტია გამოსახული.

როგორც აღვნიშნეთ, მაისის ბოლოს ბესენტმა ტრამპის გამოსახულებით 250-დოლარიანი ბანკნოტის დიზაინიც წარადგინა. მისი განმარტებით, ეს მხოლოდ წინასწარ მომზადებული კონცეფციაა იმ შემთხვევისთვის, თუ კონგრესი მომავალში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს დაამტკიცებს.