განიხილება თუ არა Tesla-სა და SpaceX-ის შერწყმა? – მასკის პასუხი

განიხილება თუ არა Tesla-სა და SpaceX-ის შერწყმა? – მასკის პასუხი

ფოტო: Getty Images

 

ილონ მასკმა Tesla-ს მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების პრეზენტაციისას უარი თქვა პირდაპირ ეპასუხა შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ელექტრომობილების მწარმოებლისა და კოსმოსური კომპანია SpaceX-ის გაერთიანება. თუმცა მილიარდერმა აღნიშნა, რომ ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება და მათი საქმიანობა ერთმანეთთან უფრო მეტად იკვეთება.

Wells Fargo-ს ანალიტიკოს კოლინ ლენგანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა Tesla-სა და SpaceX-ის შერწყმა, მასკმა განაცხადა, რომ მსგავსი საკითხების განხილვა ფინანსური ანგარიშგების პრეზენტაციის ფარგლებში არ შეიძლება.

„შემოსავლების შესახებ კონფერენციის დროს ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ კომპანიების გაერთიანებაზე და მსგავს რამეებზე – ეს შესაბამისი პროცესით უნდა მოხდეს,“ – აღნიშნა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა.

ილონ მასკის თქმით, Tesla და SpaceX-ი უფრო და უფრო იკვეთება. მან ამის მაგალითად Starlink-ის Cybertruck-ში ინტეგრაცია მოიყვანა, რომელიც, მისი თქმით, მომავალში Tesla-ს ყველა ავტომობილშიც იქნება ხელმისაწვდომი.

მასკმა ასევე ისაუბრა TeraFab-ზე – ხელოვნური ინტელექტის ჩიპების საწარმოზე, რომელსაც Tesla, SpaceX-ი და xAI ერთობლივად ავითარებენ. მილიარდერის განცხადებით, xAI, რომელსაც მან „SpaceXAI“ უწოდა, შექმნის ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელიც Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის, „მენეჯერის“ ფუნქციას შეასრულებს. მასკის შეფასებით, Optimus-ი შესაძლოა „ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი“ გახდეს, რომელიც კომპანიას ოდესმე შეუქმნია.

ფინანსური შედეგების მიხედვით, Tesla-მ მეორე კვარტალში 28.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების პროგნოზს (27.2 მილიარდი დოლარი) აღემატება. ამასთან, კომპანიამ ერთ აქციაზე 33 ცენტის მოგება დააფიქსირა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები საშუალოდ 55 ცენტს ელოდნენ. Tesla-მ ასევე, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, უარყოფითი თავისუფალი ფულადი ნაკადი დააფიქსირა, რომელმაც 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ვაიბჰავ ტანეჯამ, დაადასტურა, რომ Tesla მიმდინარე წელს 25 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

ბოლო თვეებში Tesla-სა და SpaceX-ის შესაძლო გაერთიანების შესახებ სპეკულაციები გახშირდა. SpaceX-ის პრეზიდენტმა გვინ შოთველმა CNBC-თან განაცხადა, რომ ასეთი გარიგება „ილონის ცხოვრებას ცოტათი გაამარტივებდა“ და დასძინა, რომ ორ კომპანიას შორის მომავალში მნიშვნელოვანი სინერგიის პოტენციალი არსებობს.

Wedbush Securities-ის ყოფილი ანალიტიკოსი დენ აივსი კი SpaceX-ის IPO-მდე გამოქვეყნებულ შეფასებაში ვარაუდობდა, რომ 2027 წლისთვის Tesla-სა და SpaceX-ის გაერთიანების ალბათობა 80%-ს აღემატება. მისი შეფასებით, „ორი კომპანიის ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისთვის საფუძველი უკვე შექმნილია.“