Photo by Venti Views on Unsplash
რუსეთი აქტიურად განაგრძობს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდავი გემების, „ჩრდილოვანი ფლოტის“ გაფართოებას, რათა 2027 წლიდან, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოქმედების პერიოდშიც ბუნებრივი აირის ექსპორტი შეძლოს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Financial Times-ი წერს და მოსკოვის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ გეგმებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
ანალიტიკური კომპანია Windward-ის მონაცემებით, რუსეთმა მხოლოდ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, მეორად ბაზარზე, სულ მცირე, რვა ერთეული LNG-ტანკერი შეიძინა. ამავდროულად, ექსპლუატაციაში რუსეთში აშენებული პირველი ორი LNG-გადამზიდავიც შევიდა. შედეგად, მოსკოვის „ჩრდილოვანი“ LNG-ფლოტი უკვე 25 ტანკერს ითვლის.
2027 წლიდან ევროკავშირი რუსული LNG-ის იმპორტს სრულად აკრძალავს. მიზეზი, რის გამოც მოსკოვი თავისი სატრანსპორტო პოტენციალის გაძლიერებას ცდილობს, სწორედ აღნიშნული სანქციებია. მსგავსად, წარსულში მან ნავთობის ექსპორტისთვის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“ შექმნა.
ენერგეტიკული სექტორის მკვლევარ ირინა მირონოვას შეფასებით, LNG-ისთვის მსგავსი მასშტაბის „ჩრდილოვანი ფლოტი“ აქამდე არცერთ სანქცირებულ ქვეყანას არ შეუქმნია. ნავთობის გადამზიდავი ტანკერებისგან განსხვავებით, LNG-ისთვის განკუთვნილი ტანკერები ბევრად რთული ტექნოლოგიისაა და თითოეულის აშენება დაახლოებით $300 მილიონი ჯდება. LNG-ტანკერების სპეციალური სისტემები ბუნებრივ აირს მინუს 162°C ტემპერატურაზე თხევად მდგომარეობაში ინახავს. რუსეთის მთავარი LNG-ქარხნები კი არქტიკაშია, ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, ტრანსპორტირებისთვის სპეციალური გემები გამოიყენება, რომლებიც არქტიკულ ყინულში უსაფრთხო გადაადგილებისთვისაა შექმნილი.
FT-ის ინფორმაციითვე, რუსეთის შორეული აღმოსავლეთით მდებარე Zvezda-ს გემთმშენებელ ქარხანაში ორი LNG-ტანკერი — Aleksey Kosygin-ი და Konstantin Posiet-ი — უკვე აშენდა. პირველი მათგანი სანქცირებულ Arctic LNG 2-ის პროექტს ემსახურება. გამოცემის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების ინფორმაციით, მოსკოვის მიერ ახლახან შეძენილი, უკვე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი რამდენიმე LNG-ტანკერიც დასავლეთის მიერ სანქცირებული ტერმინალებიდან ახორციელებს გადაზიდვებს.
ექსპერტების შეფასებით, LNG-ისთვის განკუთვნილი „ჩრდილოვანი ფლოტიც“ ნავთობის გადამზიდავი ტანკერების მეთოდს მიჰყვება. ტანკერები მოსკოვთან დაკავშირებული, დუბაიში, ჰონგ-კონგსა და სინგაპურში რეგისტრირებული კომპანიების საკუთრებაა. ტრანსპორტირებისას ტვირთის წარმომავლობის დასაფარად ისინი ერთი გემიდან მეორეზე იტვირთება, ასევე ხშირად ითიშება ლოკაციის გადამცემი სიგნალი. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ LNG-ის შემთხვევაში ამ სქემების გამოყენება გაცილებით რთულია, რადგან ასეთი გემები მსოფლიოში შედარებით ცოტაა და სპეციალიზებულ ინფრასტრუქტურას საჭიროებს.
ამჟამად სანქცირებული Arctic LNG 2 პროექტიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის ერთადერთი მსხვილი შემსყიდველი ჩინეთია. Kpler-ის შეფასებით, ჯამში 11 ტანკერზე, რომელთა საშუალო ასაკი 10 წელია, პეკინისთვის განკუთვნილ LNG-ს არქტიკის ობიექტიდან ტვირთავენ. LNG თავდაპირველად ყინულგამძლე ტანკერებით გადააქვთ მცურავ საცავებამდე, შემდეგ კი სტანდარტულ LNG-გემებზე იტვირთება და ჩინეთში იგზავნება. თითოეული ეს ტანკერი აშშ-ის სანქციების ქვეშაა და უკანასკნელი ორი წელია, Novatek-ის საკუთრებაა.
თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ, მოსკოვს საკუთარი LNG-ტანკერების მშენებლობა გაურთულდება. ამის მთავარი მიზეზი ფრანგული კომპანია GTT-ია. კომპანიამ, რომელიც LNG-ტანკერებისთვის სპეციალური სისტემების წარმოებაში პრაქტიკულად მონოპოლისტია, 2023 წელს ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთთან ყველა კონტრაქტი შეაჩერა.
შედეგად, ექსპერტთა შეფასებით, მოსკოვს, სავარაუდოდ, კვლავ მოუწევს მეორად ბაზარზე LNG-გემების შეძენა, რათა 2027 წლის შემდეგაც შეძლოს თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტზე გატანა.












