ფოტო: AP
ევროპაში რეკორდული სიცხე, გვალვა და ტყის ხანძრები კლიმატის ცვლილების ეკონომიკურ ზარალს მასშტაბურ პრობლემად აქცევს. ეკონომისტების შეფასებით, მხოლოდ 2026 წლის ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ზარალი ევროპის ეკონომიკისთვის შესაძლოა უკვე ასობით მილიარდ ევროს უტოლდებოდეს.
მიმდინარე ზაფხულში რეკორდულმა ტემპერატურამ და გვალვამ ელექტროენერგიის წარმოებას, მდინარის ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვის სისტემებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ამასთან, ტყის ხანძრები შესაძლოა ევროპის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდეს.
მეცნიერების შეფასებით, ევროპაში კლიმატი სხვა კონტინენტებთან შედარებით უფრო სწრაფად იცვლება და მისი ეკონომიკური შედეგები უკვე აისახება სახელმწიფო ბიუჯეტებზე, ინფლაციაზე, ტურიზმსა და ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სისტემებზე. სიცხის ტალღები, გვალვები და ტყის ხანძრები ხშირად ერთსა და იმავე რეგიონებში ერთდროულად ვითარდება, რაც მათ ეკონომიკურ ზემოქმედებას კიდევ უფრო აძლიერებს.
მედიასააგენტო Reuters-ი ევროპისთვის კლიმატის ცვლილების ეკონომიკურ ფასზე წერს:
როგორ აზარალებს რეკორდული სიცხე ეკონომიკას?
ივნისსა და ივლისში ევროპაში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია და ეკონომისტების შეფასებით, შედეგად მიღებულმა ზარალმა შესაძლოა წინა წლების ყველა მაჩვენებელს გადააჭარბოს.
ევროპის მნიშვნელოვანი სატვირთო არხების, რაინისა და დუნაის მდინარეების, გარკვეულ მონაკვეთებზე გადაზიდვები წყლის დაბალი დონის გამო მკვეთრად შეიზღუდა. ამასთან, გაგრილების პრობლემების გამო ევროპის მასშტაბით ათზე მეტმა ბირთვულმა რეაქტორმა მუშაობა შეაჩერა ან გამომუშავება შეამცირა.
პრობლემები შეეხო სოფლის მეურნეობასაც. მოსავლის პროგნოზები შემცირდა, ხოლო გვიანი მოსავლის კულტურებმა, მათ შორის სიმინდმა და მზესუმზირამ, ივლისისთვის უკვე 6-7%-იანი დანაკარგი აჩვენა.
ექსტრემალური სიცხე შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობასც ამცირებს და უკვე ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მხოლოდ გერმანიაში სიცხესთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.
ეკონომიკურ ზეწოლას ზრდის საგანგებო ღონისძიებების ხარჯებიც. სახელმწიფოებს ტყის ხანძრებთან ბრძოლა, ენერგომოხმარების შეზღუდვა და კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება უწევთ.
ING-ის შეფასებით, მხოლოდ რაინზე სატვირთო მოძრაობის შეჩერება გერმანიის, მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის, წლიურ ეკონომიკურ ზრდას 0.3 პროცენტული პუნქტით შეამცირებს. უნგრული MBH Bank-ის პროგნოზით კი, ქვეყნის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მუშაობის ყოველი კვირით შეჩერება ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 0.1 პროცენტული პუნქტით ამცირებს.
გერმანული სადაზღვევო კომპანია Allianz-ის შეფასებით, ივნისში ორკვირიანმა სიცხის ტალღამ ევროპის მშპ-ის ზრდა 0.3 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ამასთან, კლიმატის ცვლილებამ 2030 წლისთვის ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მსგავსი, ყველაზე მეტად მოწყვლადი ეკონომიკების ზრდა შესაძლოა 5-7%-ით შეამციროს.
„წლევანდელი მთლიანი ზარალი გაცილებით დიდი იქნება“, – ამბობს Allianz-ის ეკონომისტი ჰაზემ კრიჩენე. მისი შეფასებით, ამ პროგნოზში ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული ტყის ხანძრები, გვალვები, წყალდიდობები და მოსალოდნელი ელ-ნინიოს ეფექტი.
ევროზონის ეკონომიკის წლიური ზრდა კი ამჟამად მხოლოდ დაახლოებით 1%-ად არის პროგნოზირებული, რაც კლიმატური შოკის გავლენის მასშტაბზე მეტყველებს.
ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ექსტრემალური ამინდის შედეგად გამოწვეული ზარალის სრულად შეფასება მხოლოდ მოვლენის დასრულებისთანავე შეუძლებელია.
შერიშ უსმანის თქმით, ექსტრემალური ამინდის ეკონომიკური ზემოქმედება შესაძლოა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს.
მისი განმარტებით, ერთი შეხედვით, მოსალოდნელია, რომ ყველაზე დიდი ზიანი სტიქიური მოვლენის წელს დადგეს და შემდეგ შემცირდეს. თუმცა კვლევები საპირისპიროს აჩვენებს. ექსტრემალური ამინდი ეკონომიკაში ისეთ ჯაჭვურ პროცესებს იწვევს, რომელთა შედეგებიც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება.
სამხრეთი ევროპა შესაძლოა ტურისტების დაკარგავის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს
კლიმატის ცვლილების ეკონომიკური შედეგები განსაკუთრებით მძიმე შესაძლოა სამხრეთ ევროპის შემთხვევაში იყოს. ტემპერატურის ზრდა ამ რეგიონში უფრო მკვეთრია, რაც საფრთხეს უქმნის ტურიზმის შემოსავლებს, სოფლის მეურნეობას და შესაძლოა მოსახლეობის ნაწილის ჩრდილოეთის მიმართულებით მიგრაციაც გამოიწვიოს.
„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ტურისტები, რომლებიც 45-გრადუსიან სიცხეში სამხრეთ იტალიაში ან ესპანეთში დადიან? მე ვერ წარმომიდგენია“, – ამბობს ING-ის ეკონომისტი კარსტენ ბრესკი.
მისი შეფასებით, ევროპული ტურიზმის გეოგრაფია შესაძლოა შეიცვალოს. სამხრეთ ევროპაში ტურისტების რაოდენობა წლის სხვა პერიოდებში შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ზაფხულის პიკი შემცირდება, რადგან დამსვენებლები უფრო გრილი ჩრდილოეთის მიმართულებების არჩევას დაიწყებენ.
ექსტრემალური ამინდი სამხრეთ ევროპის ქვეყნებში სურსათის ფასებზე ზეწოლასაც გაზრდის, რაც ევროპის ცენტრალური ბანკისთვის დამატებით გამოწვევას შექმნის.
ბარსელონის სუპერკომპიუტერული ცენტრის მკვლევრის, მაქსიმილიან კოცის შეფასებით, მაღალი ტემპერატურის გავლენა სურსათის ფასებზე უფრო ძლიერია იმ ქვეყნებში, სადაც კლიმატი ისედაც უფრო ცხელია.
მისი კვლევის მიხედვით, 2022 წელს ექსტრემალურმა სიცხემ ევროზონის ინფლაცია სურსათის გაძვირების კუთხით 0.34 პროცენტული პუნქტით გაზარდა, თუმცა სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე გავლენა გაცილებით ძლიერი იყო.
გარდა ამისა, მდინარის ტრანსპორტის შეფერხება საწვავის ევროპის გარკვეულ რეგიონებში მიწოდებას ართულებს და ფასებს შორის რეგიონულ განსხვავებებს ზრდის.
კლიმატის ცვლილების ეკონომიკურ გავლენასთან გამკლავება სახელმწიფო ბიუჯეტების ზრდას მოითხოვს
ექსტრემალური ამინდის ეკონომიკური ზარალი სახელმწიფო ფინანსებზეც აისახება. Allianz-ის შეფასებით, ყველაზე დიდი ფისკალური ზეწოლა სწორედ იმ ეკონომიკებზე მოდის, რომლებსაც მისი გაძლების ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვთ.
ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო საფრანგეთში წლიური საგადასახადო შემოსავლების კლებამ შესაძლოა 1.8%-ს, იტალიასა და ესპანეთში კი 1.3%-ს მიაღწიოს.
ამასთან, კომპანიების მოგების მარჟების შემცირება ინვესტიციებზე აისახება და ეკონომიკურ ზარალს კიდევ უფრო გააღრმავებს.
ხარჯები კი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იზრდება: მთავრობებს მეტი თანხა სჭირდებათ როგორც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, ისე ინფრასტრუქტურის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის, მაგალითად, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების გასაძლიერებლად.
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყნები ჯერ კიდევ ზედმეტად არიან დამოკიდებული ერთჯერად საგანგებო რეაგირებაზე, რომელიც ძვირიც არის და ხშირად არაეფექტიანიც“, – ამბობს Bruegel-ის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი ჰეზერ გრაბე.














