როგორ ჩამოქვეითდა ელისონი ორ თვეში მსოფლიოს მე-2 უმდიდრესი ადამიანიდან მე-8-მდე?

როგორ ჩამოქვეითდა ელისონი ორ თვეში მსოფლიოს მე-2 უმდიდრესი ადამიანიდან მე-8-მდე?

ფოტო: Getty Images

 

Oracle-ის თავმჯდომარე ლარი ელისონი ამერიკული Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მერვე ადგილზე ჩამოქვეითდა, მას შემდეგ, რაც მას სიმდიდრით Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, გადაუსწრო. ამის მიზეზი Oracle-ის აქციების ფასის ხანგრძლივი ვარდნა და, შედეგად, ელისონის ქონების მკვეთრი შემცირებაა.

Forbes-ის შეფასებით, პარასკევის სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ ლარი ელისონის ქონება $192.6 მილიარდს შეადგენდა, ჰუანგის კი – $194.4 მილიარდს. შედეგად, ელისონის ქონება 2 ივნისთან შედარებით, როდესაც ის მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი იყო, $104 მილიარდით შემცირდა.

Oracle-ის აქციების ფასი 1-ელი ივნისიდან 28 ივლისამდე დაახლოებით 54%-ით დაეცა, $250-ზე მეტი ნიშნულიდან $114.50-მდე. პარასკევს აქციამ ნაწილობრივ აღდგენა შეძლო და $150.52-ზე დაიხურა.

Oracle-ის აქციების ფასის ვარდნას ხელი შეუწყო კომპანიის გეგმამ, $40 მილიარდი ვალისა და სააქციო დაფინანსების გზით მოიზიდოს. ამასთან, კომპანიის კაპიტალური დანახარჯები 162%-ით, $55.7 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო წინასწარი გეგმით, 2027 ფისკალურ წელს ხარჯებმა შესაძლოა $95 მილიარდს გადააჭარბოს.

ინვესტორებს კითხვები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ დააფინანსებს Oracle-ი კაპიტალურ დანახარჯებს იმ შემოსავლების მისაღებად, რასაც კომპანია პროგნოზირებს. Bank of America-ს ანალიტიკოსების განცხადებით კი, Oracle-ის დარჩენილი შესრულების ვალდებულებების (RPO) 50%-ზე მეტი OpenAI-ს უკავშირდება.

Melius Research-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Oracle-ის ხარჯვის გეგმები შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს, თუ OpenAI ან Anthropic-ი დამატებით გამოთვლით სიმძლავრეს აღარ მოითხოვენ ან მოთხოვნა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება.

Oracle-ის საკრედიტო რეიტინგი S&P Global-მა ივლისში შეამცირა. სააგენტოს შეფასებით, კომპანიის სწრაფად მზარდმა AI-ინფრასტრუქტურის ბიზნესმა შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანოს, თუმცა ამ ეტაპზე მისი დაფინანსება ძვირი ჯდება და შესაძლოა Oracle-ის ფინანსურ მდგომარეობაზე ზეწოლა გაზარდოს.

ამის ფონზე, Oracle-ის საბაზრო კაპიტალიზაცია სექტემბრის პიკთან შედარებით $443 მილიარდით შემცირდა, $877.1 მილიარდიდან პარასკევს $433.5 მილიარდამდე.

Oracle-ი თავდაპირველად ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ბუმის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად მიიჩნეოდა, თუმცა კომპანიის მასშტაბურმა საინვესტიციო გეგმებმა ინვესტორებში ფინანსურ რისკებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

Oracle-ის შეკვეთების პორტფელი $638 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ნახევარზე მეტი OpenAI-ს უკავშირდება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ თანხების სრულად გარანტირებულად მიჩნევა ჯერ ნაადრევია.