ტრამპის განცხადებით, ირანმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს

ტრამპის განცხადებით, ირანმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს

ფოტო: Getty Images

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისგან კომპენსაციის გადახდას მოითხოვს „ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მათ მოკლეს და მძიმედ დაჭრეს“. ცნობისათვის, აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის მიერ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა.

ტრამპის სოციალურ ქსელში პოსტი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანმა განაცხადა, რომ ომანთან შეთანხმებას უახლოვდება, რომელიც მათ შორის ახალ საზღვაო-სანაოსნო მარშრუტებს განსაზღვრავს ჰორმუზის სრუტის გავლით. თუმცა ირანის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნამდე უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები, მათ შორის გადაიხადოს კომპენსაცია, გააუქმოს სანქციები და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები.

„ეს საინტერესო იდეაა, რადგან ახლა მეც ასევე ვითხოვ კომპენსაციას ირანისგან, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მათ მოკლეს და მძიმედ დაჭრეს ბომბებით და მრავალი კონფლიქტით“ – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

დონალდ ტრამპმა ირანისგან ასევე მოითხოვა კომპენსაცია 2000 წლის ოქტომბერში იემენის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების მართვადი რაკეტების გამანადგურებლის, USS Cole-ის, დაბომბვისთვის. ცნობისათვის, FBI-მა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა, რომლის დროსაც 17 მეზღვაური დაიღუპა და სამ ათეულზე მეტი დაიჭრა, ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-კაიდას“ დააკისრა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თეირანმა კომპენსაცია იანვარში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაშავებული და დაკავებული ათასობით ადამიანის ოჯახებსაც უნდა გადაუხადოს, რაც ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმე შიდა არეულობა იყო.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ირანის მთავრობა ოპონენტების წინააღმდეგ დევნას ომის დროსაც განაგრძობდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.