ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა. მისი განცხადებით, საწვავის მიწოდება თავად სახელმწიფოს არ განუხორციელებია და პროდუქტი კერძო ბიზნესმა შეიტანა.
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, – განაცხადა კობახიძემ 12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, როდესაც მას აფხაზეთში საწვავის დეფიციტის შესახებ კითხვა დაუსვეს.
პრემიერის განმარტებით, მსგავსი ეკონომიკური საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით, გარკვეულ პირობებში დასაშვებია.
მისივე თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლებლობა აქვს, ამის გაკეთება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვით მოხდება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობა ზოგადად შეზღუდულია და მისი განხორციელება განსაკუთრებულ შემთხვევებში, სპეციალური თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი. ასეთი საქმიანობა უნდა ემსახურებოდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, დეოკუპაციას, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტი, ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებას უკავშირდება. ეს კი, თავის მხრივ, უკრაინის თავდასხმებმა გამოიწვია, რის შედეგადაც ნავთობგადამმუშავებელი ქარხნებისა და სხვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობა შეფერხდა. ამან მიწოდების ჯაჭვზეც იმოქმედა.














