Anthropic-ი AI-სტარტაპ Decart-ის $6 მილიარდად შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

Anthropic-ი AI-სტარტაპ Decart-ის $6 მილიარდად შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ფოტო: Reuters

 

ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ი ისრაელში დაფუძნებული AI-სტარტაპ Decart-ის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით აქვეყნებს და წერს, რომ შეთანხმების პოტენციური ღირებულება $6 მილიარდს აღწევს.

Decart-ი ე.წ. „მსოფლიო მოდელებზე“ მუშაობს, რომელთა მიზანიც ფიზიკური სამყაროს სიმულაციაა. ამასთან ერთად, კომპანია AI-მოდელების ტრენინგისთვის ხარჯების შესამცირებლად და ჩიპების მუშაობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად პროგრამულ უზრუნველყოფასაც ავითარებს. Bloomberg-ის წყაროთა ცნობით, Decart-ის ტექნოლოგია Anthropic-ს არსებული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიანად გამოყენებაში, ახალი პროდუქტების განვითარებასა და მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ საბოლოო ეტაპზე არ გადასულა, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმების ჩაშლის რისკი კვლავ არსებობს. თუმცა წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Decart-ი Anthropic-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილი შენაძენი იქნება. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, Decart-ის გუნდი Anthropic-ს AI-მოდელების მუშაობისა და წარმადობის მიმართულებას შეუერთდება.

ცნობისთვის, Decart–ი 2023 წელს სამმა ისრაელელმა ინჟინერმა — ძმებმა დინ და ორიან ლეიტერსდორფებმა და მოშე შალევმა — დააფუძნა. კომპანიამ მაისში, Radical Ventures-ის ხელმძღვანელობით გამართულ საინვესტიციო რაუნდში $300 მილიონის მოზიდვის შესახებ განაცხადა. შედეგად, Decart-ის შეფასებამ თითქმის $4 მილიარდს მიაღწია, მაშინ როცა 2025 წლის აგვისტოში მისი ღირებულება $3.1 მილიარდი იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ Anthropic-ი ოქტომბერში IPO-ზე გასვლას გეგმავს. კომპანიამ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში განაცხადი უკვე წარადგინა. როგორც გამოცემა Financial Times-ი წერს, ინვესტორები Anthropic-ის რეკორდული, $2-ტრილიონიანი IPO-ს მოლოდინში არიან, რაც SpaceX-ის $1.75-ტრილიონიან შედეგს გააუმჯობესებს.