ფოტო: Reuters
მიმდინარე წლის ივლისში, ინდოეთის ნავთობის იმპორტში რუსეთის წილმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. Reuters-ის მიერ ნანახი სავაჭრო მონაცემებით, რუსეთიდან მიღებული ნავთობი ინდოეთის ნავთობის იმპორტის სრული მოცულობის 50.83%-ს შეადგენდა, რაც დღეში დაახლოებით 2.47 მილიონი ბარელია.
შედეგად, ივლისში, ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 62.4%-ით გაიზარდა. თუმცა ამის მიუხედავადაც, ივნისის რეკორდულ მაჩვენებელთან, დღეში 2.6 მილიონ ბარელთან შედარებით, 4.8%-ითაა შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ იანვარში, ინდოეთის ნავთობგადამმუშავებელმა კომპანიებმა, აშშ-ის მხრიდან დამატებითი ტარიფების რისკისგან თავდასაცავად, რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება დაიწყეს. ამავე პერიოდში, ნიუ-დელი ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. თუმცა სიტუაცია აშშ-ის ირანთან სამხედრო დაპირისპირების ესკალაციის ფონზე შეიცვალა. ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ბლოკადამ და მიწოდებაში შეფერხებებმა ინდოელ გადამმუშავებლებს რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელებისკენ უბიძგა.
ამასთანავე, აგვისტოში, აშშ-ის სენატმა ახალი კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსული ნავთობის შემსყიდველებისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. თუმცა ოფიციალურად ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტს ჯერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა სჭირდება.
ცნობისთვის, აპრილში დაწყებული მიმდინარე ფინანსური წლის პირველ ოთხ თვეში რუსეთის წილმა ინდოეთის ნავთობის იმპორტში რეკორდულ 43.25%-ს მიაღწია. ამ პერიოდში ინდოეთი დღიურად საშუალოდ 2 მილიონზე მეტ ბარელ რუსულ ნავთობს ყიდულობდა. შედარებისთვის, ერთი წლის წინ რუსეთის წილი 37%-ს შეადგენდა.














