ივნისით დამთავრებული კვარტალისთვის მოგების შემცირების მიუხედავად, ტექნოლოგიურმა კომპანია Xiaomi-მ ანალიტიკოსების წინასწარ შეფასებაზე უკეთესი ფინანსური შედეგები აჩვენა. შედეგები ამყარებს მოლოდინს, რომ კომპანია შეძლებს გაუმკლავდეს მეხსიერების ჩიპების წარმოქმნილ დეფიციტს, რომელმაც სმარტფონებზე მოთხოვნა შეასუსტა.
გასულ კვარტალში Xiaomi-ს წმინდა მოგებამ დაახლოებით $1.4 მილიარდი შეადგინა. ეს შედეგი ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზზე მაღალი იყო, თუმცა გასული წლის იმავე პერიოდს თითქმის 21%-ით ჩამორჩებოდა. იმავე პერიოდში კომპანიის შემოსავალმა $16.15 მილიარდს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 6.1%-იანი კლებაა.
მეხსიერების ჩიპებზე გლობალური დეფიციტით მსოფლიოს უმსხვილეს სმარტფონების მწარმოებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული კომპანია სწორედ Xiaomi-ა. Samsung Electronics-მა, SK Hynix-მა და ჩიპების სხვა მსხვილმა მწარმოებლებმა, წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი AI-მონაცემთა ცენტრებისთვის საჭირო ჩიპებზე გადაიტანეს. შედეგად, სტანდარტულ ვერსიებზე დეფიციტი გაღრმავდა, ხოლო მათი ფასი მკვეთრად გაიზარდა.
ამის მიუხედავად, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე, Xiaomi-ს აქციების ფასი ივნისის ბოლოდან თითქმის 20%-თაა გაზრდილი, რაც ინვესტორების მხრიდან კომპანიის სამომავლო პერსპექტივების მიმართ გარკვეულ ნდობაზე მიანიშნებს.
თუმცა, Counterpoint-ის მონაცემებით, ივნისით დასრულებულ კვარტალში, ხუთ უმსხვილეს ბრენდს (Apple-ი, Samsung-ი, Xiaomi, Oppo, Vivo) შორის, Xiaomi-ს სმარტფონების გაყიდვები ყველაზე მეტად შემცირდა, კერძოდ, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით – 26%-ით.














