ფოტო: REUTERS/Shannon Stapleton
„ჰარვარდის სამედიცინო სკოლა“ მორგიდან ადამიანის სხეულის ნაწილების მოპარვისა და გაყიდვის საქმეზე $53 მილიონს გადაიხდის. უნივერსიტეტი სამოქალაქო დავის მოსაგვარებლად აღნიშნულ თანხას კოლექტიური სარჩელის ორ ფონდში გადარიცხავს, რომლის განაწილებასაც შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.
„ჰარვარდის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უნივერსიტეტის მორგის ყოფილი მენეჯერი, სედრიკ ლოჯი, ოთხი წლის განმავლობაში სამედიცინო კვლევებისთვის დონაციის გზით გადაცემული გარდაცვლილების სხეულის ნაწილებს იპარავდა და სხვადასხვა შტატში ყიდდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლოჯი „ჰარვარდის სამედიცინო სკოლის“ Anatomical Gift Program-ის მორგს ხელმძღვანელობდა. გამოძიების თანახმად, მან 2018 წლიდან 2022 წლის აგვისტომდე კვლევებისთვის განკუთვნილი ცხედრებიდან ორგანოები, ტვინი, სახის და სხეულის სხვა ნაწილები მოიპარა და გაყიდა.
ოჯახებმა „ჰარვარდის“ წინააღმდეგ სარჩელების შეტანა 2023 წელს დაიწყეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო იმ ნეშტების სათანადო დაცვა, რომლებიც ოჯახების ნდობით სამედიცინო განათლებისა და კვლევისთვის გადაეცა.
სარჩელების თავდაპირველი ვერსიები სასამართლომ უარყო, თუმცა საბოლოოდ მასაჩუსეტსის უზენაესმა სასამართლომ ოჯახების პოზიცია გაიზიარა და საქმეები მორიგების პროცესამდე მივიდა.
პირველ კოლექტიურ სარჩელში ნათქვამია, რომ მოპარული სხეულის ნაწილები შესაძლოა 350-დან 400-მდე ცხედარს ეკუთვნოდეს. ოჯახები „ჰარვარდს“ დაუდევრობაში, ფიდუციური მოვალეობის დარღვევასა და ემოციური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებდნენ.
ლოჯის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2023 წელს პენსილვანიის ფედერალურ სასამართლოში აღიძრა. ბრალდების თანახმად, ლოჯი, მისი მეუღლე დანიზ ლოჯი, კატრინა მაკლინი და ჯოშუა ტეილორი წლების განმავლობაში მოქმედ სქემაში მონაწილეობდნენ და „ჰარვარდის სამედიცინო სკოლისთვის“ განკუთვნილი ცხედრებიდან „თავებს, ტვინს, კანს, ძვლებსა და ადამიანის ნეშტებს“ იპარავდნენ და ყიდდნენ.
ლოჯს სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე დამნაშავედ ცნეს ექვსი ადამიანი, რომლებიც მისგან სხეულის ნაწილებს ყიდულობდნენ. მათ ექვსი თვიდან 15 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.
ცნობისთვის, აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 20,000 ადამიანი გარდაცვალების შემდეგ საკუთარ სხეულს სამეცნიერო კვლევებისა და განათლებისთვის სხვადასხვა დაწესებულებას უტოვებს. „ჰარვარდის“ საქმე კი კითხვებს აჩენს, რამდენად ეფექტიანად იცავდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამედიცინო დაწესებულება იმ ადამიანების ნეშტებს, რომლებიც კვლევისთვის მას ანდვეს.
















