Moderna-ს აქციების ფასი 25%-ით დაეცა – კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $18 მილიარდით შემცირდა

Moderna-ს აქციების ფასი 25%-ით დაეცა – კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $18 მილიარდით შემცირდა

ფოტო: Getty Images

 

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს აქციების ფასი ხუთშაბათს 25%-ზე მეტით დაეცა და დაახლოებით $129-მდე შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ერთ დღეში $18 მილიარდზე მეტი დაკარგა. ვარდნა Moderna-ს აქციების რეკორდულ ზრდას მოჰყვა – ერთი დღით ადრე კომპანიის ფასიანი ქაღალდები 176%-ით გაძვირდა.

ოთხშაბათის მკვეთრი ზრდის შედეგად Moderna-ს აქციების ფასმა $174-ს გადააჭარბა და კომპანიის საბაზრო ღირებულებამ $69.6 მილიარდს მიაღწია. ხუთშაბათს კი საბაზრო კაპიტალიზაცია $51.5 მილიარდამდე შემცირდა.

აქციების რეკორდული ზრდა Moderna-ს მიერ კიბოს პერსონალიზებული ვაქცინის კლინიკური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. Moderna-მ და ფარმაცევტულმა კომპანია Merck-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებულმა პერსონალიზებულმა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინამ მელანომის – კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმის – განმეორებით განვითარების რისკი შეამცირა. კვლევაში 1,100-ზე მეტი ცდისპირი მონაწილეობდა.

გვიანი, მესამე ფაზის კლინიკური კვლევის შედეგების მიხედვით, ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ასევე მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პაციენტებს მელანომა ხელახლა არ უვითარდებოდათ.

ვაქცინა mRNA-ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და Merck-ის იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-სთან კომბინაციაში გამოიყენება. კომპანიების განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც mRNA-ზე დაფუძნებულმა კიბოს საწინააღმდეგო თერაპიამ საბოლოო, მესამე ფაზის კვლევაში, წარმატებული შედეგი აჩვენა.

Leerink Partners-ის ანალიტიკოსებმა ივნისში განაცხადეს, რომ Moderna-ს მესამე ფაზის კვლევის შედეგები კომპანიის აქციებისთვის „გადამწყვეტი“ მოვლენა იქნებოდა. მათი შეფასებით, დადებით შედეგებს ექსპერიმენტული პრეპარატის კიბოს რამდენიმე სახეობის წინააღმდეგ გამოყენების პოტენციალი ექნება.

Moderna და Merck-ი ამჟამად ვაქცინას ეფექტიანობას სხვა ტიპის სიმსივნეების წინააღმდეგაც იკვლევენ, მათ შორის არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოსა და შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევაში.

კვლევის წარმატებული შედეგები Moderna-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გაყიდვების შემცირების ფონზე mRNA-ტექნოლოგიის გამოყენებით ზრდის ახალი მიმართულებები შექმნას ცდილობს. Moderna-ს ბოლო კვარტლის მონაცემებით, მან $145 მილიონის შემოსავალი და $782 მილიონის წმინდა ზარალი დააფიქსირა.