Walmart-ის აქციების ფასი 8%-ით დაეცა – რამ გამოიწვია გაუფასურება?

Walmart-ის აქციების ფასი 8%-ით დაეცა – რამ გამოიწვია გაუფასურება?

ფოტო: Kena Betancur/VIEWpress via Getty Images

 

ხუთშაბათს Walmart-ის აქციების ფასი დაახლოებით 8%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც საცალო ვაჭრობის გიგანტმა აშშ-ში გაყიდვების ზრდის შენელების შესახებ განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ კვარტალის შედეგებით უოლ-სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა და წლიური პროგნოზიც გააუმჯობესა, ინვესტორების ყურადღება ამერიკის ბაზარზე გაყიდვების სუსტმა დინამიკამ მიიპყრო.

ვაჭრობის გახსნიდან მალევე Walmart-ის აქციების ღირებულება 7.3%-ით, დაახლოებით $105-მდე დაეცა. ეს კომპანიისთვის 21 მაისის შემდეგ ყველაზე დიდი შიდადღიური ვარდნაა.

Walmart-ის კვარტალურმა შემოსავალმა $187.9 მილიარდი შეადგინა, მაშინ როცა პროგნოზი $186.6 მილიარდი იყო. ერთ აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ კი $0.81-ს მიაღწია, პროგნოზირებული $0.74-ის ნაცვლად.

გარდა ამისა, კომპანიამ მთელი წლის გაყიდვებისა და კორექტირებული საოპერაციო მოგების პროგნოზიც გაზარდა. თუმცა ამან ინვესტორები მაინც ვერ დააკმაყოფილა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ აშშ-ის ბაზარზე Walmart-ის გაყიდვები კვარტალში მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა. ეს 2020 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ ყველაზე დაბალი ზრდის ტემპია. მაშინ მაჩვენებელი 1.9% იყო. გაყიდვების დინამიკაზე უარყოფითად იმოქმედა კომპანიის სააფთიაქო ბიზნესმაც.

Walmart-ის ფინანსური დირექტორის, ჯონ დევიდ რეინის განცხადებით, მედიკამენტებზე ფედერალურმა მოლაპარაკებებმა კომპანიაზე მოსალოდნელზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა. Medicare-ის პროგრამით დაფარულ მედიკამენტებზე ფასების შემცირებამ Walmart-ის სააფთიაქო ბიზნესზე ზეწოლა გაზარდა და ეს გავლენა, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც გაგრძელდება.

რეინის თქმით, Walmart-ი 2026 წელს საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს დაახლოებით $2 მილიარდის ოდენობით ელოდება.

კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ტარიფებთან დაკავშირებული თანხების დაბრუნებაც. Walmart-ს ტარიფების ანაზღაურების სახით $2.9 მილიარდის მიღების უფლება აქვს, თუმცა კომპანიას ამ თანხიდან ჯერჯერობით $100 მილიონზე ნაკლები აქვს მიღებული. რეინის განცხადებით, მიღებული თანხა მომხმარებლებისთვის ფასების შესამცირებლად იქნება გამოყენებული, რაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვარტლის შედეგებზე აისახება.

Walmart-ის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს თებერვალში მიაღწია, კომპანია კი ტრადიციული საცალო ვაჭრობის პირველი ქსელი გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა. ამის შემდეგ, ბოლო თვეებში, აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა, რადგან მაღალი ინფლაციის ფონზე ინვესტორებში Walmart-ის აშშ-ის ბაზარზე ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაჩნდა.