ივნისში ტრამპმა SpaceX-ის, Palantir-ისა და აშშ-ის მთავრობის სხვა კონტრაქტორების აქციები შეიძინა

ივნისში ტრამპმა SpaceX-ის, Palantir-ისა და აშშ-ის მთავრობის სხვა კონტრაქტორების აქციები შეიძინა

ფოტო: Reuters

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2026 წლის ივნისში 1,000-ზე მეტი საფონდო გარიგება განახორციელა. ეთიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური დეკლარაციის თანახმად, გარიგებებს შორის იყო SpaceX-ის, Palantir-ისა და იმ სხვა მსხვილი ტექნოლოგიური და თავდაცვის კომპანიების აქციებით ვაჭრობა, რომლებიც აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობენ.

ეთიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში თითოეული გარიგების ზუსტი ღირებულება მითითებული არაა და მხოლოდ თანხის დიაპაზონია წარმოდგენილი. როგორც ირკვევა, ამ პერიოდში, აშშ-ის პრეზიდენტმა უმსხვილესი ერთჯერადი გარიგება 22 ივნისს დადო. კერძოდ, 22 ივნისს ტრამპმა Vanguard-ის ETF-ის (გაცვლითი სავაჭრო ფონდი) $5 მილიონიდან $25 მილიონამდე ღირებულების აქციები გაყიდა.

ტრამპის ივნისის მსხვილ გარიგებებს შორის იყო აშშ-ის ფინანსურ სექტორში მოქმედი კომპანიების აქციების შესყიდვა. მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა  Berkshire Hathaway-ის აქციები $1 მილიონიდან $5 მილიონ დოლარამდე ღირებულებით შეიძინა. სავარაუდოდ, იმდენივე დაიხარჯა Visa-ს, Mastercard-ისა და Cintas-ის აქციების შესასყიდად.

ეთიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური დეკრალაციის თანახმად, ივნისში ტრამპმა აქციების შეძენასთან ერთად, მათი ნაწილი გაყიდა. მაგალითად, ერთ თვეში ტრამპმა Palantir-ის აქციები ორჯერ გაყიდა, მათ შორის 18 ივნისს, დაახლოებით $1 მილიონის ღირებულებით. პარალელურად, იმავე პერიოდში, აშშ-ის პრეზიდენტმა Palantir-ის აქციები სამჯერ შეიძინა, მათ შორის 24 ივნისს $100,001-დან $250,000-მდე ღირებულების.

ტრამპის ანგარიშებზე ასევე დაფიქსირდა Meta-ს, Broadcom-ის, Apple-ის, Microsoft-ისა და Nvidia-ს აქციებით განხორციელებული ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები. ასევე, 23 ივნისს, SpaceX-ს IPO-დან დაახლოებით 11 დღეში, ტრამპმა SpaceX-ის აქციები $15,001-დან $50,000-მდე ღირებულებით შეიძინა. ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობას ილონ მასკის კომპანიასთან თანამგზავრულ და თავდაცვით პროექტებზე მრავალმილიარდიანი კონტრაქტები აკავშირებს.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, დონალდ ტრამპმა, 2025 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, პირველივე წლის განმავლობაში დაახლოებით $2.4 მილიარდი გამოიმუშავა. ამ თანხაში არ შედის საფონდო გარიგებებიდან მიღებული შემოსავალი, რადგან მიღებული თანხის დიდი ნაწილი ბაზარზე ხელახლა იყო ინვესტირებული.

გამოცემის თანახმად, ტრამპის ქონების ზრდა ძირითადად მისი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ბიზნესების დამსახურებაა. შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამჟამინდელი შეფასებით, $6.3 მილიარდის ქონებას ფლობს.