ფოტო: Illustration by Algi Febri Sugita
ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ი ინვესტორებისთვის მომზადებულ მასალებში შესაძლოა მიუთითებდეს, რომ კომპანიის AI-ტექნოლოგიების ბაზრის პოტენციალი (TAM) $30 ტრილიონზე მეტია. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.
WSJ-ის თანახმად, Anthropic-ის შეფასება იმ სამუშაოთა ფართო სპექტრს ეფუძნება, რომელთა შესრულება მომავალში ხელოვნური ინტელექტის მოდელების დახმარებით იქნება შესაძლებელი.
Anthropic-ის მიერ შეფასებული $30 ტრილიონზე მეტი პოტენციური ბაზარი ასევე აღემატება SpaceX-ის მიერ მაისში IPO-ს დოკუმენტებში მითითებულ $28.5-ტრილიონიან მაჩვენებელს. საინტერესოა, რომ ილონ მასკის კომპანიამ საკუთარ დოკუმენტებში $28.5-ტრილიონიანი ბაზარი „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ რეალურად ათვისებად ბაზრად“ (TAM) შეაფასა. SpaceX-ის გათვლებით, ამ ბაზრის უდიდესი ნაწილი სწორედ AI-თან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე მოდიოდა.
თავის მხრივ, Anthropic-ისთვის მსგავსი მასშტაბის პროგნოზების დასახელება მნიშვნელოვანია. კომპანია AI-ის ინფრასტრუქტურაში მილიარდობით აშშ დოლარს დებს, ინვესტორებისთვის კი სამომავლო შემოსავლის შესაძლებლობის ჩვენება მაღალი დანახარჯების გამართლებასაც ემსახურება. ამასთან, TAM-ის შეფასება მნიშვნელოვან როლს თამაშობს OpenAI-სა და Google-ის მსგავს მოთამაშეებთან კონკურენციაში.
ცნობისთვის, TAM (Total Addressable Market) ბაზრის მაქსიმალურ შესაძლო მოცულობას გულისხმობს. შესაბამისად, ეს არის ის მაქსიმალური წლიური შემოსავალი, რომლის მიღებაც თეორიულად კომპანიას შესაბამის ბაზარზე 100%-იანი წილის დაკავების შემთხვევაში შეუძლია.
აქვე შეგახსენებთ, რომ Anthropic-ი ოქტომბერში IPO-ზე გასვლას გეგმავს. კომპანიამ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში განაცხადი უკვე წარადგინა. როგორც გამოცემა Financial Times-ი წერს, ინვესტორები Anthropic-ის რეკორდული, $2-ტრილიონიანი IPO-ს მოლოდინში არიან, რაც SpaceX-ის $1.75-ტრილიონიან შედეგს გააუმჯობესებს.














