ამერიკულმა Forbes-მა 2026 წლისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ანგარიშის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში სიის პირველმა ათეულმა $333 მილიონი გამოიმუშავა, რაც გასული წლის $285 მილიონთან შედარებით 17%-ით მეტია, თუმცა ჩამოუვარდება 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, $343 მილიონს.
2020 წლის რეკორდული მაჩვენებელი დიდწილად როჯერ ფედერერის შემოსავლის დამსახურება იყო. იმ წელს შვეიცარიელმა თავისი კარიერისთვის მაქსიმალური თანხა, $106 მილიონი, გამოიმუშავა. ფედერერმა აქტიური კარიერის განმავლობაში დაახლოებით $1.1 მილიარდი (გადასახადებამდე) გამოიმუშავა და 2025 წელს მილიარდერიც გახდა. თუმცა ფედერერისა და რაფაელ ნადალის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ, მათი ფინანსური შემოსავლები Forbes-ის ყოველწლიურ რეიტინგში აღარ ირიცხება.
Forbes-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, გასულ 12 თვეში ყველაზე მეტი იანიკ სინერმა გამოიმუშავა. 25 წლის იტალიელმა გამოცემის მიერ შესწავლილ პერიოდში, გადასახადების გამოკლებით, დაახლოებით $58 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც მას რეიტინგის სათავეში აყენებს. სინერის შემოსავალში დაახლოებით $23 მილიონი კორტზე მიღებულ თანხებზე მოდის, მათ შორის საპრიზო თანხასა და ATP-ის ბონუსზე. ეს Forbes-ის ჩოგბურთელთა წლიური რეიტინგის ისტორიაში კორტზე მიღებული შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რეიტინგის მეორე პოზიციაზე 23 წლის ჩოგბურთელი კარლოს ალკარასია. ესპანელმა ბოლო 12 თვეში $53.7 მილიონი გამოიმუშავა, აქედან დაახლოებით $38 მილიონი კორტს მიღმა შემოსავალზე მოდის — სპონსორებთან კონტრაქტებსა და ბიზნესსაქმიანობებზე. შედარებისთვის, სინერის შემთხვევაში კორტს მიღმა შემოსავალი დაახლოებით $35 მილიონს შეადგენდა.
აქვე საინტერესოა, რომ წლევანდელ რეიტინგში სერენა უილიამსი დაბრუნდა. თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, 44 წლის ჩოგბურთელი კორტებზე გამოჩნდა და ბოლო 12 თვის მონაცემით, $40.1 მილიონის გამომუშავებაც შეძლო. შედეგად, უილიამსი საერთო რეიტინგში მესამე პოზიციაზეა. თუმცა შემოსავლის ძირითადი ნაწილი სასპონსორო კონტრაქტებსა და სხვა ბიზნესპროექტებზე მოდის, რადგან მიმდინარე წელს მას საპრიზო თანხის სახით მხოლოდ $131,932 აქვს მიღებული.
საერთო რეიტინგში მეოთხე ადგილი არინა საბალენკამ დაიკავა, რომლის წლიური შემოსავალი დაახლოებით $36.1 მილიონს შეადგენს. მას მხოლოდ მცირე სხვაობით ჩამორჩა კოკო გოფი ($35.5 მილიონი). ცნობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში გოფი მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი ქალი იყო, თუმცა წელს მას უილიამსმა და საბალენკამ გადაასწრეს.
გასული 12 თვის შეჯამებით, მიმდინარე წლის რეიტინგში ქალებისთვის ისტორიული შედეგიც დაფიქსირდა. პირველად, ჩოგბურთელთა ათეულში კაცებზე მეტი ქალია, კერძოდ, ექვსი ქალი და ოთხი კაცი.
ამავდროულად, 2026 წლის მსოფლიოს მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების ათეულში მოხვედრისთვის საჭირო შემოსავლების ზღვარიც რეკორდული იყო და $17.4 მილიონს შეადგენდა. ეს გასული წლის $14.3 მილიონთან შედარებით $3 მილიონით მეტია.
2026 წლის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელი
იანიკ სინერი — $58 მილიონი
ასაკი: 25 | ქვეყანა: იტალია | კორტზე მიღებული შემოსავალი: $23 მილიონი • კორტს მიღმა მიღებული შემოსავალი: $35 მილიონი

კარლოს ალკარასი — $53.7 მილიონი
ასაკი: 23 | ქვეყანა: ესპანეთი | კორტზე მიღებული შემოსავალი: $15.7 მილიონი • კორტს მიღმა მიღებული შემოსავალი: $38 მილიონი

სერენა უილიამსი — $40.1 მილიონი
ასაკი: 44 | ქვეყანა: აშშ | კორტზე მიღებული შემოსავალი: $0.1 მილიონი • კორტს მიღმა მიღებული შემოსავალი: $40 მილიონი

არინა საბალენკა — $36.1 მილიონი
ასაკი: 28 | ქვეყანა: ბელარუსი | კორტზე მიღებული შემოსავალი: $13.1 მილიონი • კორტს მიღმა მიღებული შემოსავალი: $23 მილიონი

კოკო გოფი — $35.5 მილიონი
ასაკი: 22 | ქვეყანა: აშშ | კორტზე მიღებული შემოსავალი: $7.5 მილიონი • კორტს მიღმა მიღებული შემოსავალი: $28 მილიონი

ნოვაკ ჯოკოვიჩი — $30.2 მილიონი
ასაკი: 39 | ქვეყანა: სერბეთი | კორტზე მიღებული შემოსავალი: $5.2 მილიონი • კორტს მიღმა მიღებული შემოსავალი: $25 მილიონი

ჭენგ ცინვენი — $22.6 მილიონი
ასაკი: 23 | ქვეყანა: ჩინეთი | კორტზე მიღებული შემოსავალი: $0.6 მილიონი • კორტს მიღმა მიღებული შემოსავალი: $22 მილიონი

იგა შვიონტეკი — $20.5 მილიონი
ასაკი: 25 | ქვეყანა: პოლონეთი | კორტზე მიღებული შემოსავალი: $5.5 მილიონი • კორტს მიღმა მიღებული შემოსავალი: $15 მილიონი

ალექსანდრ ზვერევი — $18.7 მილიონი
ასაკი: 29 | ქვეყანა: გერმანია | კორტზე მიღებული შემოსავალი: $13.7 მილიონი • კორტს მიღმა მიღებული შემოსავალი: $5 მილიონი

ელენა რიბაკინა — $17.4 მილიონი
ასაკი: 27 | ქვეყანა: ყაზახეთი | კორტზე მიღებული შემოსავალი: $11.4 მილიონი • კორტს მიღმა მიღებული შემოსავალი: $6 მილიონი













