ფოტო: Patrick T. Fallon/Bloomberg
BMW-სა და ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Broadcom-ს შორის საპატენტო დავა გამწვავდა. ამჯერად, Broadcom-ს გერმანული ავტომწარმოებელი ტეხასის ფედერალურ სასამართლოში უჩივის და მოითხოვს, ოფიციალურად დადგინდეს, რომ BMW თავის ავტომობილებში Broadcom-ის სამ პატენტით დაცულ ტექნოლოგიას უკანონოდ არ იყენებს.
საქმე Ethernet-ისა და Wi-Fi-ის კავშირის უზრუნველსაყოფად BMW-ის ავტომობილებში ინტეგრირებულ ტექნოლოგიებს ეხება. გერმანული კომპანიის განცხადებით, Broadcom-ი პატენტის ლიცენზირებისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს, თუმცა ამჯერად მოთხოვნილი თანხა, წინა გარიგების ღირებულებასთან შედარებით, გაცილებით მაღალია.
BMW-ის მიერ ტეხასის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, კომპანიებმა პატენტის გლობალურ ლიცენზირებაზე შეთანხმება 2020 წლის ოქტომბერში გააფორმეს. შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ კი, გერმანული ავტომწარმოებლის მტკიცებით, 2025 წლიდან Broadcom-მა ლიცენზიის განახლების მოთხოვნა დაიწყო. თუმცა, BMW-ის განცხადებით, ახალი ლიცენზიისთვის მოთხოვნილი გადასახადი წინა შეთანხმებაზე გაცილებით მაღალი იყო.
BMW-ის ინფორმაციითვე, Broadcom-მა მათ 2026 წლის იანვარში მიმართა და ის კონკრეტული პატენტები დაუსახელა, რომლებიც, ამერიკული კომპანიის შეფასებით, ავტომობილებში უკანონოდ გამოიყენებოდა. კომპანიის პრეტენზიები BMW-ის რამდენიმე მოდელს, მათ შორის 2025 წლის პირველ სერიას, მესამე სერიას, M3 G80-ს, მეოთხე სერიას, X3-ს, მეხუთე სერიასა და MINI Countryman-ს ეხება.
ცნობისთვის, BMW-სა და Broadcom-ს შორის დავა აშშ-ის საზღვრებსაც სცდება. კერძოდ, Broadcom-ის შვილობილმა კომპანიამ, Avago Technologies-მა, რომელიც ასევე პატენტების მფლობელია, BMW-ს წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელი გერმანიაშიც შეიტანა.













