ფოტო: Reuters
ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ის პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) შესაძლოა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადაიდოს, – ამის შესახებ Reuters-ს საკითხთან დაახლოებულმა პირებმა განუცხადეს.
კომპანია IPO-ს მარკეტინგის დაწყებას, ყველაზე ადრე, ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს, ხოლო აქციების ბირჟაზე განთავსება შესაძლოა ნოემბერში, აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დასრულდეს.
ორი წყაროს ინფორმაციით, Anthropic-ის IPO-ს პროსპექტის საჯაროდ გამოქვეყნება, რომელიც თავდაპირველად შესაძლოა უკვე მომავალ კვირას მომხდარიყო, ახლა სექტემბრის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი. ამასთან, წყაროები აღნიშნავენ, რომ შეთავაზების გრაფიკი საბოლოო არ არის და შესაძლოა შეიცვალოს.
IPO-ს ვადების გადაწევა მნიშვნელოვნად გაზრდილი მოლოდინების ფონზე ხდება. ზოგიერთი ინვესტორის შეფასებით, Anthropic-ის საბაზრო შეფასებამ შესაძლოა $2 ტრილიონს მიაღწიოს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ IPO-დ აქცევს, რომელიც ოდესმე განხორციელებულა. ამასთან, კომპანიის ბირჟაზე გასვლა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მიმართ საჯარო ბაზრების ინტერესის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.
IPO-ს ფარგლებში Anthropic-ი ასევე ცდილობს, დაასრულოს $15 მილიარდის მოცულობის რევოლვინგული საკრედიტო ხაზის ფორმირება. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დაფინანსების დასრულების შემდეგ კომპანიის ანალიტიკოსებთან შეხვედრებია დაგეგმილი. როგორც წესი, ასეთი შეხვედრებიდან IPO-ს პროსპექტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირა გადის, თუმცა Anthropic-ის შემთხვევაში ეს პერიოდი შესაძლოა უფრო მოკლე იყოს, რადგან ანალიტიკოსები კომპანიას უკვე კარგად იცნობენ.
როგორც Reuters-ი წერს, Anthropic-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ხელოვნური ინტელექტის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საჯარო დებიუტი უკვე განახორციელა ილონ მასკის კუთვნილმა SpaceX-მა, რომლის აქციების ბირჟაზე განთავსებისას კომპანია $1.77 ტრილიონად შეფასდა.
Anthropic-ის IPO-ზე რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო ბანკი მუშაობს, მათ შორის Morgan Stanley, Goldman Sachs-ი, JPMorgan-ი და Citi.










