ფოტო: Interior Department
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოსთან დაახლოებით 76 მეტრის სიმაღლის ტრიუმფალური თაღის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უახლოეს ორ კვირაში დაიწყება. ეს ერთ-ერთი უკანასკნელია იმ მასშტაბური პროექტების სერიიდან, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონში ხორციელდება.
ამერიკის თაღი Memorial Circle-ის ტერიტორიაზე, ლინკოლნის მემორიალსა და არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოს შორის განთავსდება. მისი დიზაინი კი პარიზის ტრიუმფალური თაღის მსგავსი იქნება. აშშ-ის სახვითი ხელოვნების კომისიამ, რომლის წევრებიც დონალდ ტრამპმა დანიშნა, პროექტი მაისში დაამტკიცა, თუმცა ის ჯერ არ განუხილავს National Capital Planning Commission-ს, რომელიც ვაშინგტონში ფედერალურ მიწებზე განხორციელებულ პროექტებზე ფლობს იურისდიქციას.
„დიდი ტრიუმფალური თაღისა და სამხედრო სადამკვირვებლო მოედნის“ ღირებულებამ შესაძლოა $100 მილიონს მიაღწიოს. ოფიციალური შეფასება ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ წარუდგენია. National Endowment for the Humanities-მა აღნიშნული პროექტისთვის $15 მილიონი გამოყო, ხოლო ადმინისტრაციამ ორეგონის შტატში მდებარე კომპანიას გარემოსდაცვითი კვლევებისთვის $500,000-ის კონტრაქტი გადასცა.
თეთრი სახლის სამეჯლისო დარბაზი — მინიმუმ $927 მილიონი
აღნიშნული მოიცავს თეთრი სახლის აღმოსავლეთი ფრთის სამეჯლისო დარბაზის, მიწისქვეშა უსაფრთხოების კომპლექსის, თეთრი სახლის ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის, ვიზიტორთა შემოწმების ცენტრის, ლაფაიეტის მოედნისა და სხვა დაკავშირებულ პროექტებს, რომელთა საერთო ღირებულება, სულ მცირე, $927 მილიონია.
The Washington Post-ის მიერ ნანახი კონტრაქტების თანახმად, მხოლოდ აღმოსავლეთი ფრთის პროექტის ღირებულება $600 მილიონია. ამ თანხის ნახევარზე მეტი კი გადასახადის გადამხდელთა თანხით ფინანსდება, მიუხედავად ტრამპის მტკიცებისა, რომ პროექტის ხარჯები კერძო შემოწირულებებით იფარებოდა.
თეთრი სახლის თავდაპირველი გეგმით, პროექტის ღირებულება მხოლოდ $200 მილიონს შეადგენდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა მოგვიანებით თანხები გააორმაგა და თქვა, რომ დეტალური კვლევების შემდეგ შენობის ზომის ორჯერ გაზრდაც გადაწყდა.
ლინკოლნის მემორიალის ამრეკლი აუზი — $19 მილიონზე მეტი
ლინკოლნის მემორიალის წინ მდებარე აუზს არაერთი პრობლემა შეექმნა — მათ შორის, წყალმცენარეების მუდმივად გაჩენის გამო. შედეგად, პროექტის საბოლოო ღირებულებამ საწყის $1.5-მილიონიან შეფასებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ხანგრძლივობამ კი რამდენიმე თვე შეადგინა, მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა, რომ პროექტი „ერთ კვირაში“ დასრულდებოდა.
ხარჯებში შედის აუზის შესაღებად Atlantic Industrial Coatings–თან დადებული $14.65-მილიონიანი კონტრაქტი,Green Water Solutions-ისთვის გადახდილი $1.74 მილიონი წყალმცენარეების გასანადგურებელი სისტემის დასამონტაჟებლად და American Ag Energy-ისთვის გამოყოფილი $2.65 მილიონი წყლის მიწოდებისა და სარწყავი მომსახურებისთვის.
კენედის ცენტრი — $285 მილიონი
კენედის ცენტრის დირექტორთა საბჭომ, რომლის წევრების უმრავლესობა ტრამპის მიერაა არჩეული, გასულ თვეში „კენედის ცენტრის“ ორი წლით დახურვას და მასშტაბურ განახლებას დაუჭირა მხარი. გასულ წელს კონგრესმა პროექტისთვის $256.7 მილიონი გამოყო, თუმცა, ამჟამინდელი შეფასებით, ღირებულება $285 მილიონამდე გაიზრდება. გეგმა ითვალისწინებს ცენტრის სამი მთავარი დარბაზის — საკონცერტო დარბაზის, ოპერის თეატრისა და ეიზენჰაუერის თეატრის — მასშტაბურ განახლებას.
ეიზენჰაუერის აღმასრულებელი ოფისის შენობა — $7.5 მილიონი
ტრამპის ადმინისტრაცია მე-19 საუკუნეში აგებული, ნაცრისფერი გრანიტის ფასადის მქონე შენობის თეთრად გადაღებვას გეგმავს, რათა ის თეთრ სახლთან შესაბამისობაში იყოს. ადმინისტრაციის შეფასებით, პროექტის ღირებულება $7.5 მილიონია და ის მოვლა-პატრონობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
„ამერიკის გმირების ეროვნული ბაღი“ — $40 მილიონი
ტრამპის ინიციატივისთვის, რომელიც ქანდაკებების ბაღის შექმნას ითვალისწინებს, კონგრესმა $40 მილიონის დაფინანსება უკვე დაამტკიცა. პროექტი გადასახადის გადამხდელთა თანხით დაფინანსდება. არსებული გეგმით, ბაღში 250 ცნობილი ადამიანის რეალური ზომის ქანდაკება განთავსდება, მათ შორის ჯორჯ ვაშინგტონის, ელვის პრესლის, რონალდ რეიგანისა და კობი ბრაიანტის. კომპლექსში ასევე უნდა განთავსდეს ამფითეატრი, ბაღები, ამრეკლი აუზები, კაფეები, დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. პროექტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.
ვარდების ბაღი — $1.9 მილიონი
ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის ვარდების ბაღში არსებული ბალახის საფარის ნაწილი მოაასფალტა. პროექტი აგვისტოში დასრულდა და $1.9 მილიონი დაჯდა. თანხა კერძო შემოწირულებებით დაფინანსდა.
ტრამპის პროექტების ნაწილი სასამართლო დავის საგანია. მათ შორის, არაკომერციულმა ორგანიზაცია Cultural Landscape Foundation-მა ამრეკლი აუზის რემონტის შეჩერება მოითხოვა. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, პროექტის დამტკიცებისას ფედერალური წესები არ იყო დაცული. თუმცა მოგვიანებით ორგანიზაციამ მოთხოვნა უკან გაიწვია, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მაისში სამუშაოების გაგრძელების უფლება გასცა. ხოლო ტრამპის ტრიუმფალური თაღის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ვიეტნამის ომის ვეტერანთა ჯგუფებმა შეიტანეს. მათი განცხადებით, ინფრასტრუქტურა „ამაოების პროექტია“, რომელიც არლინგტონის სასაფლაოს ხედს გადაფარავს.
პარალელურად, National Trust for Historic Preservation-მა სასამართლოს თეთრი სახლის ახალი სამეჯლისო დარბაზის მშენებლობის შესაჩერებლად მიმართა, რადგან, მათი თქმით, პროექტს დასამტკიცებლად საჭირო პროცედურები არ გაუვლია. დავის საგანია ეიზენჰაუერის შენობის თეთრად შეღებვის ინიციატივაც.
National Trust for Historic Preservation-მა სასამართლოს მიმართა თეთრი სახლის ახალი სამეჯლისო დარბაზის მშენებლობის შესაჩერებლადაც. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ პროექტს აუცილებელი დამტკიცების პროცედურა არ გაუვლია. თუმცა, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გასულ თვეში ორგანიზაციას სარჩელის შეტანის უფლება არ დაუდასტურა და პროექტს გაგრძელების საშუალება მისცა. მოსამართლემ, ამ ეტაპზე, მხოლოდ საღებავის ტესტირების გაგრძელების უფლება გასცა.
















