ფოტო: Getty Images
ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-მა დაბლოკა ანგარიშები, რომლებიდანაც, კომპანიის შეფასებით, შესაძლოა მისი Claude-ის მოდელის ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის გამოყენებას ცდილობდნენ.
კომპანიის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ Claude-ს სამეცნიერო საგრანტო დაფინანსებისთვის განაცხადის მომზადებაში სთხოვეს დახმარება. პროექტი კი ჩიკუნგუნიის ვირუსის გენეტიკურ მოდიფიკაციას ითვალისწინებდა.
Anthropic-ის ინფორმაციით, საგრანტო განაცხადში აღწერილი კვლევის მიზანი ვირუსის უფრო სახიფათოდ ქცევა იყო. ჩიკუნგუნიის ვირუსი, როგორც წესი, დაბალი სიკვდილიანობით ხასიათდება, თუმცა ინფექციამ შესაძლოა სახსრებისა და კუნთების ხანგრძლივი ტკივილი გამოიწვიოს. კომპანიამ აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები შესაძლოა ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების შემუშავებისთვისაც გამოიყენებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში მას ვირუსის უფრო საშიში ფორმის შექმნაც შეეძლო.
Anthropic-ის ეჭვები გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ მიუხედავად საგრანტო განაცხადში მკვლევრების მონაწილეობის მითითებისა, ცდების ჩატარება სამხედრო კვლევით ინსტიტუტში იგეგმებოდა.
Anthropic-ს არ გაუმჟღავნებია, კონკრეტულად რომელ დაწესებულებებსა და მკვლევრებს უკავშირდებოდა პროექტი. კომპანიამ განაცხადა, რომ ყველა დაკავშირებული ანგარიში დაბლოკა, გააუქმა ქსელები, რომლებიც მის რეგიონულ შეზღუდვებს გვერდს უვლიდნენ, ხოლო გამოძიების შედეგები ხელოვნური ინტელექტის სხვა ლაბორატორიებსა და აშშ-ის ფედერალურ მთავრობას გაუზიარა.
Anthropic-ის შეფასებით, აღმოჩენილი მასალები მიუთითებს, რომ საქმიანობა მხოლოდ დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის მომზადებით არ შემოიფარგლებოდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ განაგრძობენ მიღებული გამოცდილებით ისეთი მექანიზმების გასაუმჯობესებლად, რომლებიც AI-ს სერვისების ბოროტად გამოყენების გამოვლენასა და პრევენციას უზრუნველყოფს.










