ფოტო: AP
ევროკავშირი უკრაინას დამატებით €6.1 მილიარდის დახმარებას გადასცემს, რომელიც ქვეყნისთვის სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის Patriot-ის ტიპის რაკეტების შესაძენად იქნება გამოყენებული.
დახმარება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი €90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში გაიცემა. ამ თანხიდან მიმდინარე წელს €28.3 მილიარდი სამხედრო დახმარებისთვის, €16.7 მილიარდი კი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვისაა გათვალისწინებული.
სესხის ფარგლებში მოქმედი „Made in Europe“ მოთხოვნა Patriot-ის რაკეტების შესაძენად მოიხსნება, რადგან ისინი აშშ-ში იწარმოება. გამონაკლისი ასევე შეეხება დრონებს, რომელთა წარმოება ჩინურ კომპონენტებზეა დამოკიდებული.
ევროკავშირი უკრაინისთვის თანხებს ეტაპობრივად გასცემს მას შემდეგ, რაც ბრიუსელი ქვეყნის მიერ კერძო კომპანიებთან გაფორმებულ კონტრაქტებს შეამოწმებს და დაადასტურებს. ამ დროისთვის თავდაცვის მიმართულებით უკრაინას €8.35 მილიარდი უკვე გადაეცა.
„უკრაინის სამხედრო უპირატესობა დამოკიდებულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის საჭირო რაოდენობისა და მოკლე ვადებში სწრაფად ხელმისაწვდომობაზე“, – განაცხადა ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა.
მოკავშირეები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებას ცდილობენ. რუსეთმა ბოლო პერიოდში დაბომბვის სიხშირე გაზარდა, მათ შორის რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონების გამოყენებით. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ზამთრის პერიოდში ქვეყნის საჰაერო თავდაცვისთვის დაახლოებით 300 ერთეული Patriot-ის ჩამჭერი რაკეტა იქნება საჭირო.
უკრაინისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად Patriot-ის PAC-3-ტიპის ჩამჭერი რაკეტების დეფიციტი რჩება. რაკეტებს აშშ-ის თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ი აწარმოებს და ერთი ერთეულის დამზადებას დაახლოებით 24 თვე სჭირდება. თითოეულის ფასი კი დაახლოებით $4 მილიონია.
ევროკავშირი ასევე ცდილობს დაარწმუნოს ის წევრი ქვეყნები, რომლებსაც Patriot-ის ჩამჭერი რაკეტები ეროვნულ მარაგებში ჯერ კიდევ აქვთ, უკრაინას ისინი ზამთრამდე გადასცენ, ხოლო სანაცვლოდ საკუთარი მარაგები 2027 წელს დაგეგმილი ახალი მიწოდებებით შეავსონ.









