ჩინური BYD ევროპაში სატვირთოების წარმოებას და „ევროპულ კომპანიად“ ჩამოყალიბებას გეგმავს

ჩინური BYD ევროპაში სატვირთოების წარმოებას და „ევროპულ კომპანიად“ ჩამოყალიბებას გეგმავს

ფოტო: BYD Media

 

ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი BYD მომდევნო წლიდან ევროპის ბაზარზე მძიმე სატვირთო ავტომობილების გაშვებას გეგმავს. დამატებით კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანია ადგილობრივად, ევროპის ფარგლებში, სატვირთოების წარმოების დაწყებასაც განიხილავს.

„გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველაფერს, რასაც ევროპაში ვყიდით, აქვე, ადგილობრივად ვაწარმოებთ“, — განაცხადა ჩინური კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელმა სტელა ლიმ ჰანოვერში, IAA-ს სავაჭრო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლის ინფორმაციითვე, BYD სატვირთო ფლოტების ოპერატორებისთვის მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზებას გეგმავს. ეს უკანასკნელი მზის ენერგიაზე მომუშავე დამმუხტავ ინფრასტრუქტურას, სერვისცენტრების ქსელსა და მობილური გზისპირა დახმარების სერვისს მოიცავს.

სატვირთოების ადგილობრივი წარმოება BYD-ს იმპორტზე დაწესებული ტარიფებისთვის გვერდის ავლაში დაეხმარება. ევროპული მწარმოებლები, მათ შორის MAN-ი, ევროკავშირს ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტროსატვირთოებზე ისეთივე გადასახადების დაწესებას სთხოვენ, როგორიც უკვე მოქმედებს ჩინეთიდან შემოტანილ ელექტრომობილებზე.

თუმცა, ლის განცხადებით, BYD-სთვის ეს ტარიფები მხოლოდ მოკლევადიანი წნეხია მანამ, სანამ ჩინური კომპანია ევროპაში ადგილობრივი წარმოების მასშტაბების გაზრდას შეძლებს. ხოლო მაშინ, როდესაც BYD ყველაფრის ადგილობრივად წარმოებას შეძლებს, ლის თქმით, ავტომწარმოებელი უკვე „ევროპულ კომპანიად“ გადაიქცევა.