ცუკერბერგი და ჰუანგი AI-ის განვითარების შენელებისკენ მოწოდებას ეწინააღმდეგებიან

ცუკერბერგი და ჰუანგი AI-ის განვითარების შენელებისკენ მოწოდებას ეწინააღმდეგებიან

ფოტო: AFP

 

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი და Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელებისკენ მოწოდებებს გამოეხმაურნენ. მათი პოზიციით, AI-ის უსაფრთხოებისა და სწრაფი განვითარების ერთმანეთისგან გამიჯვნა აუცილებლობა არაა და კომპანიებს ორივე მიმართულებით ერთდროულად მუშაობა შეუძლიათ.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ცუკერბერგმა დაწერა, რომ „ადამიანები არ მიმართავენ იმ AI-აგენტებს, რომლებიც მათ მოთხოვნებს ვერ შეასრულებენ და მათი მიზნების შესაბამისად არ მოქმედებენ“. Meta-ს ხელმძღვანელის განმარტებითვე, ეს კომპანიებს ბუნებრივად უბიძგებს, AI-სისტემები უფრო უსაფრთხო და მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისი გახადონ.

ცუკერბერგის განცხადებით, AI-ის განვითარების შენელების ნაცვლად, კომპანიებისთვის პრიორიტეტი „ნდობისა და შესაბამისობის“ უზრუნველყოფა უნდა იყოს. მისი თქმით, ის კომპანიები, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, საბოლოოდ კონკურენტებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

ცუკერბერგის თქმით, Meta-მ ახალი AI-აგენტის, Muse-ის, გაშვება რამდენიმე თვით გადაავადა, რათა მისი უსაფრთხოება უკეთ შეემოწმებინათ. თუმცა ამ მიზეზით კომპანიას ლაბორატორიებისთვის განვითარების ტემპის შენელება არ მოუთხოვია. ამასთან, Meta-ს ხელმძღვანელი AI-სისტემების უსაფრთხოების შეფასებაში დამოუკიდებელი შემფასებლებისა და მრჩევლების ჩართვის მომხრეცაა, რაზეც წარსულშიც არაერთხელ უსაუბრია.

AI-ის განვითარების შენელების იდეას არ ემხრობა Nvidia-ს თანადამფუძნებელი და CEO ჯენსენ ჰუანგიც. Salesforce-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე საუბრისას ჰუანგმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებასა და განვითარების სისწრაფეს შორის არჩევანი დილემას საერთოდაც არ წარმოადგენს, კომპანიებს კი ორივე მიზნის ერთდროულად მიღწევა შეუძლიათ.

Nvidia-ს ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე AI-ის საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვისა და რეგულაციების დაწესების აუცილებლობას ვერ ხედავს. მისივე შეფასებით, კომპანიებს თავად ბაზრის მოთხოვნაც უბიძგებს, განვითარების ტემპი იმ დონემდე შეინარჩუნონ, რომ დარწმუნდნენ, ახალი პროდუქტი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და მისაღები იქნება.

შეგახსენებთ, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიებს მოდელების შესაძლებლობების განვითარების ტემპის შენელებისკენ Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ მოუწოდა. დარიო ამოდეიმ სამეტაპიანი სტრატეგიაც წარმოადგინა, რომელიც განვითარების პროცესის რეგულირებასა და რისკების მართვისთვის საჭირო დროის მოგებას ისახავს მიზნად.