ფოტო: Humanoid
გასულ წელს, გლობალურად, სამრეწველო და პროფესიული მომსახურების სფეროებისთვის განკუთვნილი 7,000 ერთეული ჰუმანოიდი რობოტი გაიყიდა. მონაცემებს რობოტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IFR) ავრცელებს და წერს, რომ უახლოეს მომავალში ინდუსტრია გაყიდვების მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს, განსაკუთრებით კი ჩინეთში, მსოფლიოში ინდუსტრიული რობოტების ყველაზე დიდ ბაზარზე.
IFR-ის კრიტერიუმებით, რობოტი ჰუმანოიდად ითვლება, თუ მას ადამიანის მსგავსი გარეგნობა აქვს — მათ შორის, აუცილებელი მოთხოვნაა, ჰქონდეს ფეხები — და ადამიანებისთვის განკუთვნილ გარემოში ავტონომიურად მუშაობა შეუძლია. მაგალითად, გასულ თვეში ჩინეთმა რობოტების შეჯიბრებზეც წარმოადგინა ჰუმანოიდები, რომლებმაც სირბილსა და კრივის აქტივობებში იასპარეზეს.
IFR-ის გენერალური მდივნის, ზუზანე ბილერის განცხადებით, მიუხედავად ამ მიმართულებით მზარდი ინვესტიციებისა, ჰუმანოიდი რობოტების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით არსებულ რობოტებთან შედარებით ჯერ კიდევ ძალიან მცირეა.
შედარებისთვის, მხოლოდ 2024 წელს მსოფლიოში დაახლოებით 542,000 სტანდარტული ტიპის ინდუსტრიული რობოტი განთავსდა, ხოლო დამატებით 199,000-მდე მომსახურების სფეროსთვის განკუთვნილი რობოტი გაიყიდა. მათი გამოყენების სფეროებს შორის იყო ტრანსპორტი, სასტუმროებისა და კვების მომსახურება, ასევე – დასუფთავება.
შედეგად, მსოფლიოში დღეს 4 მილიონ ერთეულზე მეტი ინდუსტრიული რობოტია ექსპლუატაციაში და მათი რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 500,000 ერთეულით იზრდება. ამ ფონზე, 2025 წელს გაყიდული 7,000 ჰუმანოიდი რობოტი ჯერ კიდევ ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
ბილერის განმარტებითვე, 2025 წელს გაყიდული ჰუმანოიდებიდან დიდი წილი რეალურ პროდუქტიულ სამუშაოს ჯერ არ ასრულებდა. მათი ნაწილი კვლევითმა ინსტიტუტებმა ან კომპანიებმა შეიძინეს, მათი საშუალებით მონაცემების შეგროვებისა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების გაუმჯობესების მიზნით. ჰუმანოიდი რობოტების ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია ავტოინდუსტრიაც. როგორც წესი, ავტომწარმოებლები მათ ქარხნებში, სხვადასხვა საპილოტე პროექტში იყენებენ.













