ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს 24 სექტემბერს თეთრ სახლში სახელმწიფო ვახშამზე უმასპინძლებს, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები და დამფუძნებლები დაესწრებიან. Forbes-ის შეფასებით, მიწვეულ მილიარდერთა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერთა საერთო ქონება $2.2 ტრილიონს აჭარბებს.
ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზე სავარაუდო მთავარი საკითხები ხელოვნური ინტელექტი, ვაჭრობა, ტარიფები და ტექნოლოგიური კონკურენცია იქნება. ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობებში AI-ის საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მათ შორის ტექნოლოგიური განვითარების ტემპისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
ვახშამზე დასწრება დაგეგმილი აქვს ილონ მასკს, რომლის ქონებასაც Forbes $962.5 მილიარდად აფასებს. ამ მონაცემით ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მასკის სიმდიდრე ვახშამზე დამსწრეთა საერთო ქონების 40%-ზე მეტს შეადგენს.
სტუმრებს შორის იქნება Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსიც, რომლის ქონება დაახლოებით $374.3 მილიარდია. ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორე ადგილზეა.
ვახშამს ასევე დაესწრება Dell Technologies-ის დამფუძნებელი მაიკლ დელი, რომლის ქონება დაახლოებით $271.5 მილიარდს შეადგენს.
სიაში არიან სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებიც: Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი — $252.5 მილიარდი, Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგი — $198.1 მილიარდი და Microsoft-ის CEO სატია ნადელა — დაახლოებით $1.4 მილიარდი.
ვახშამს დაესწრება Apple-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე ტიმ კუკიც, რომლის ქონება დაახლოებით $3.1 მილიარდადაა შეფასებული.
სტუმრების შორის იქნებიან ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერებიც — OpenAI-ის CEO სემ ოლტმენი, რომლის ქონება დაახლოებით $3.3 მილიარდია, და კომპანიის პრეზიდენტი გრეგ ბროკმენი — $25.5 მილიარდი. მიწვეულებს შორისაა Google-ის CEO სუნდარ პიჩაიც, რომლის ქონება დაახლოებით $1.6 მილიარდია.
ბოლო ინფორმაციით, ვახშამზე ასევე უნდა იმყოფებოდეს Qualcomm-ის CEO კრიშტიანო ამონი. აღსანიშნავია, რომ სტუმრების სია ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე კვლავ დაზუსტების ეტაპზეა.
ამასთან, გაურკვეველია, დაესწრება თუ არა ვახშამს Anthropic-ის CEO დარიო ამოდეი, რომლის ქონება დაახლოებით $15.5 მილიარდია. ამოდეი ბოლო პერიოდში AI-ის განვითარების ტემპის შენელების საჭიროებაზე საუბრობდა. ოთხშაბათს ის სემ ოლტმენთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშეც უნდა წარდგეს AI-ის საკითხებზე.
ვახშამი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესაძლო რისკებზე დისკუსიის გამწვავების ფონზე გაიმართება. Anthropic-ის ერთ-ერთმა უფროსმა მკვლევარმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არსებობს 10%-ზე მეტი ალბათობა იმისა, რომ AI-მ მომდევნო ათწლეულში კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნას. ამ განცხადების შემდეგ ამოდეიმ AI-ის სფეროში განვითარების ტემპის შენელების მოწოდება გააკეთა.
ამავე პერიოდში განვითარების უფრო ნელი ტემპის იდეისადმი მხარდაჭერა სემ ოლტმენმა და ილონ მასკმაც გამოხატეს.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი












