ფოტო: Getty Images
Meta-ს აქციების ფასის ზრდის ფონზე, კომპანიის თანადამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $256.8 მილიარდს მიაღწია, რის შედეგადაც მან Forbes-ის რეიტინგში Google-ის თანადამფუძნებელს, სერგეი ბრინს, გადაუსწრო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.
ცუკერბერგის ქონება ოთხშაბათს, მხოლოდ ერთ დღეში, $4 მილიარდზე მეტით გაიზარდა. ამავე პერიოდში ბრინის ქონება $255.4 მილიარდამდე შემცირდა, რადგან Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის, აქციების ფასი 3.5%-ით დაეცა.
ამავდროულად, Meta-ს აქციები ოთხშაბათს 2.1%-ით გაძვირდა და $750-ს გადააჭარბა. ცნობისთვის, კომპანიის აქციების ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 34%-ზე მეტით არის გაზრდილი.
Meta-ს აქციების ფასის ბოლოდროინდელ ზრდას, სავარაუდოდ, კომპანიის ახალი ხელოვნური ინტელექტის აგენტის, Muse-ის მიმართ ინვესტორების მოლოდინები უკავშირდება. Muse-ი, რომელიც მომხმარებლებისთვის განკუთვნილ AI-ის პერსონალურ აგენტად არის წარმოდგენილი, ისეთ ამოცანებს ასრულებს, როგორიცაა ელფოსტის გაგზავნა, შესყიდვების განხორციელება და გრაფიკის დაგეგმვა.
Muse-ი მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვიდა და, Apptopia-ს მონაცემებით, აპლიკაცია უკვე 2.8 მილიონჯერ არის ჩამოტვირთული. Reuters-ის ცნობით, JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა მიმდინარე კვირაში განაცხადეს, რომ Muse-ი შესაძლოა ChatGPT-ის შემდეგ ყველაზე ფართოდ გამოყენებული სამომხმარებლო AI-აპლიკაცია გახდეს.
ცუკერბერგის ქონების უდიდესი ნაწილი Meta-ში მის წილზე მოდის. მან კომპანია Facebook-ის სახელით 2004 წელს დააარსა, 2012 წელს კი Meta საჯარო გახდა. ამჟამად ცუკერბერგი კომპანიის დაახლოებით 13%-იან წილს ფლობს.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი










